უპილოტო მკვლელები

  08:56:23     10-09-2011

უკვე არაერთი წელია რაც "ნატო", ისრაელი და სხვა სახელმწიფოები უპილოტო საფრენ აპარატებს დაზვერვისთვისა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე, წერტილოვანი დარტყმებისთვის იყენებენ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად მსგავსი ოპრაციების ჩატარება დასახლებულ რაიონებში ხდება, ტერორისტებთან ერთად, უპილოტოებიდან გახსნილ ცეცხლს მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება. ამიტომაც მწარმოებელმა კომპანიებმა უპილოტოებს მიღებული საბრძოლო დავალების დროულად შეწყვეტა "ასწავლეს."

გასული თვის ბოლოს, აშშ-ს არმიამ კომპანია "აერო ვირომენტთან" 5 მილიონ დოლარის ოდენობის კონტრაქტი გააფორმა, რომელიც Switchblade-ის ტიპის უპილოტოების მოწოდებას ითვალისწინებს. მწარმოებლების მტკიცებით, ამ საფრენი აპარატის გამოყენება როგორც დასაზვერად, ასევე დამრტყმელი ოპერაციების შესასრულებლად შეიძლება.

კონცეფციის მიხედვით, აღნიშნული უპილოტო ერთგვარ "კამიკაძეს" წარმოადგენს, რომელიც აღმოჩენილ სამიზნეს საკუთარი სიცოცხლის ფასად გაანადგურებს. ამიტომაც არის, რომ ის მაქსიმალურად მარტივი და იაფია წარმოებაში. ამასთანავე საკმაოდ კომპაქტური, რომ ზურგჩანთაში ჩაეტიოს.

ეს უცნაური უპილოტო ორ რეჟიმში მუშაობს - დისტანციურსა და სრულ ავტონომიურში. საბრძოლო ქობინი ფიუზელაჟის შიგნით არის განთავსებული. უპილოტოს ელექტრონული შიგთავსი კი დანახულ გამოსახულებას, მიწაზე რეალურ დროში გადასცემს. მოწინააღმდეგის აღმოჩენის შემდეგ, Switchblade-ს მისი განადგურება ავტონომიურ რეჟიმში თვითაფეთქებით შეუძლია. სხვათა შორის, ამ უპილოტოს კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება გააჩნია. მართალია ის ელექტროძრავით არის აღჭურვილი, მაგრამ მუშაობისას ისიც მცირე ხმაურს გამოყოფს. ამიტომ წინასწარ ცნობილ სამიზნესთან მიახლობა, მას პლანირების რეჟიმში, გამორთული ძრავით შეუძლია. ეს შესაძლებლობა კი "გასახსნელ დანას" (ასე ითარგმენა მისი სახელწოდება ინგლისურიდან) ნამდვილ უხმაურო მკვლელად აქცევს.

მაღალი სიჩქარე, ძლიერი საბრძოლო ქობინი და უხმაუროდ ფრენის შესაძლებლობა, ამ კამიკაძე თვითმფრინავს სერიოზულ ანაგრიშ გასაწევ ძალად აქცევს. ქალაქის პირობებში კი ყველა ამ თვისების ერთობლიობა, უნიკალურ ანტიტერორისტულ იარაღად იქცევა.

მაგრამ ამ ახალი უპილოტოს მთავარი უპირატესობა არა უხმაურო ფრენა, არამედ მიღებული დავალების სწრაფი შეწყვეტის შესაძლებლობაა. მისი მწარმოებლების თქმით, ეს "გასახსნელ დანას" მთელ რიგ უპირატესობებს ანიჭებს. პირველ რიგში - კამიკაძე უპილოტო ერთჯერადი გამოყენებისაა და დავალების შესრულების შემდეგ მისგან მხოლოდ ფერფლი რჩება. ასე რომ, საბრძოლო დავალების დროული გაუქმება არც ისე იაფი უპილოტოს, უქმი გამოყენებისგან დაიცავს. მოძრავი სამიზნის შემთხვევაში კი, მისი ადგილმდებარეობის ცვლილებისას, ოპერატორს, ხელით მართვის რეჟიმის გამოყენებით, სწრაფად შეუძლია მისი ფრენის მიმართულების ცვლილება.

მთავარი კი ის არის, რომ საბრძოლო დავალების დროულმა გაუქმებამ, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიძლება გადაარჩინოს. არსებული ცნობებით, 2004 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ პაკისტანის ტერიტორიაზე, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს უპილოტოებმა 2292 ადამიანი გაანადგურეს. სხვადასხვა წყაროს შეფასებით კი, მათგან 400-დან 800-მდე მშვიდობიანი მოსახლეა, მათ შორის 160 ბავშვი. სხვათა შორის, არსებობს ცნობა, ვაშინგტონსა და ისლაბამადს შორის დადებული არაოფიციალური შეთანხმების შესახებ, რომელიც ამერიკელებს ათავისუფლებს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების პასუხისმგებლობისგან.

რიგითი მოქალაქეების სიცოცხლეზე არა მხოლოდ ამერიკელები ფიქრობენ. ამჟამად გერმანული კომპანია Rheinmetall Defence და ებრაული  Israel Aerospace Industries, აქტიურად ცდიან "ინტელექტუალურ" უპილოტო სისტემას. თავის მხრივ პროექტი, რომელსაც WABEP ჰქვია, გაერთიანებულ სადაზვერვო-საბრძოლო მოდულს წარმოადგენს. ამ ერთობლიობაში, გერმანულ მხარეს სადაზვერვო მოდული ეკუთვნის, Harop-ის ტიპის საბრძოლო მოდული კი, რომელიც მოქმედების მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, ისრაელის ქმნილებაა. მათი განთავსება მზირე ზომის თვითმფრინავზე ხდება. საწყის ეტაპზე არჩევანი მსუბუქ ორძრავიან "დიამონდ ტვინ სტარზე" შეჩერდა. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში, ამერიკულ "გასახსნელ დანასთან" შედარებით კომპაქტურობასა და მცირე წონაზე საუბარი ზედმეტია. სამაგიეროდ მას განსხვავებული მიზნები და შესაძლებლობები გააჩნია.

ამასთან ერთად, ამერიკულ "კოლეგასთან" შედარებით, ის მრავალჯერადი გამოყენებისაა. მისი მუშაობისას, სადაზვერვო მოდული, საფრენი აპარატის ქვეშ არსებულ მიდამოზე დაკვირვებას ახდენს. სამიზნის აღმოჩენისა და დაფიქსირების შემდეგ, კი ებრაული საბძოლო მოდული მიღებულ მონაცემებს ამუშავებს და საკომანდო პუნქტს სამიზნის განადგურების მზადყოფნას აუწყებს.

ბოლო წლების განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების პროცესის დინამიურმა ზრდამ, შეიარაღებული კონფლიქტები და მათი წარმოების მეთოდიკა ახალ ეტაპზე გაიყვანა. მართალია უპილოტო საფრენი აპარატები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ეფექტურობის თვლასაზრისით ბომბდამშენებსა და გამანადგურებლებს ვერ შეედრებიან. მაგრმ მათი გამოყენება იმავე პაკისტანსა ან ავღანეთში ტერორისტების წერტილოვანი დარტყმებით განადგურების საშუალებას იძლევა.