კაზინოში წაგებული ფულის გამო ჩადენილი სასტიკი მკვლელობა

  13:13:28     09-09-2011

მიმდინარე წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი კიდევ ერთ პირს გამოუტანა. გახსოვთ ალბათ შემთხვევა, როდესაც თბილისში, ორი ქალბატონი მოკლეს, შემდეგ კი სახლს კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს. ,,პრესა.ჯი’’ აღნიშნული საქმის მასალებით დაინტერესდა.

პოლიციას ამ დანაშაულის გახსნა არ გასჭირვებია. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ტოტალიზატორის’’ პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერები ამოიღეს, სადაც კადრში ჩანს 09:37 სთ–ზე როგორ შედის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცი, 13:06 სთ–ზე კი – როგორ იყრება ზემოდან შუშის ნამსხვრევები, სულ რაღაც 13 წამში ასფალტზე ვარდება იგი და რამდენიმე წამს თვალს ადევნებს სახლს. ამ კადრებში გარდაცვლილის მეუღლემ საკუთრი ნათესავი – თამაზ გ. ამოიცნო.

გამოძიებით დადგენილია, რომ თამაზ გ. მეუღლესთან და შვილებთან ერთად დროებით თბილისში ცხოვრობდა და ძმის მიერ, ამერიკიდან გამოგზავნილი ავტომანქანების რეალიზაციითა და ტაქსის მძღოლად მუშაობით არჩენდა ოჯახს. ავტომანქანების რეალიზაციიდან აღებულ ძირითად თანხას,  იგი კვლავ უგზავნიდა ძმას. ვინაიდან თამაზ გ. აზარტული თამაშების მოყვარული იყო, მან უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში, ძმის გამოგზავნილი ოთხი ავტომანქანის რეალიზაციიდან მიღებული 35 000 ამერიკული დოლარი წააგო კაზინოში და ვეღარ უგზავნიდა ძმას ავტომანქანების ჩამოსაყვანად ფულად თანხას, რის გამოც შეექმნა ეკონომიკური პრობლემები.

თამაზ გ.–მ იცოდა, რომ თბილისში მცხოვრები, მისი ნათესავების ოჯახი მატერიალურად შეძლებული იყო და დარწმუნებული იყო  მათ სახლში იქნებოდა დიდი ოდენობის ფულადი თანხა და ძვირფასეულობა, ამიტომ გადაწყვიტა მისულიყო მათთან ისეთ დროს, როცა ოჯახის წევრი მამაკაცები სახლში არ იქნებოდნენ, ხოლო ქალბატონებს გაუსწორდებოდა ფიზიკურად.

კვალის დაფარვის მიზნით, საცხოვრებელ ბინას მოუკიდებდა ცეცხლს, მოაწყობდა უბედური შემთხვევის ინსცენირებას და დაწვავდა გარდაცვლილებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან შეიძინა ხელთათმანები, რათა შემთხვევის ადგილზე არ დაეტოვებინა თითის ანაბეჭდები და ასევე შეიძინა სამი ლიტრი ბენზინი.

ნათესავის სახლში, თამაზ გ. დილით მივიდა. სამზარეულოში მას  ოჯახის ნათესავი, ახალგაზრდა გოგონა დახვდა. დიასახლისის მიერ შეთავაზებულ ყავაზე უარი თქვა და  სამზარეულო ოთახში მოშორებით მდგარ სკამზე დაჯდა. როდესაც სტუმარი ოთახიდან ტელევიზორის საყურებლად გავიდა, ოჯახის დიასახლისი კი –სააბაზანო ოთახში, თამაზ გ.–მ ზურგჩანთიდან  ხელთათმანებიამოიღო, ხელებზე გაიკეთა, სამზარეულოდან  ხის სკამი აიღო, შევიდა საძინებელში, სადაც მაია გ. იწვა ლოგინზე და ტელევიზორს უყურებდა, მიუახლოვდა მას და აღნიშნული სკამი ჩაარტყა თავში, მაია გ.–მ  ყვირილი  დაიწყო, საშველად  სახლის დიასახლისს, ნანა ლ.–ს უხმობდა. თამაზ გ. გაიქცა სამზარეულოში, სამზარეულოს ბარიდან აიღო დიდი ზომის დანა და დაბრუნდა საძინებელ ოთახში  მაია გ–ს მოსაკლავად, რომელიც ყვირილით გამორბოდა ოთახიდან.

თამაზ გ.–მ მას მარცხენა ხელი მოჰკიდა თმაში, დაუჭირა თავი და მარჯვენა ხელში არსებული პურის საჭრელი დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი 20 ჭრილობა. მას შემდეგ, რაც მაია გ. – მ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა და დარწმუნდა, რომ იგი მკვდარი იყო, გაემართა სააბაზანოსკენ. სადაც შეხვდა ოთახის დიასახლისი, ნანა ვ. და კატეგორიულად მოსთხოვა ეთქვა მისთვის სად ჰქონდა ძვირფასეულობა და ფული. ნანა ვ. – მ სისხლიანი დანა რომ დაინახა ყვირილი დაიწყო. თამაზ გ. – მ იგი ძალის გამოყენებით დააგდო იატაკზე, ჩაიმუხლა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი 21 ჭრილობა.

შემდეგ დანა იქვე დააგდო, გვამები შეიტანა საძინებელ ოთახში, დაასვენა გვერდიგვერდ, ხოლო თვითონ დაიწყო სახლში ძვირფასეულობისა და ფულის ძებნა. მას შემდეგ რაც იპოვა სხვადასხვა დასახელების ოქროს სამკაულები, ჩაიდო ქურთუკის შიდა ჯიბეში და განაგრძო ფულის ძებნა, რა დროსაც შემოესმა კარზე კაკუნის ხმა. შეშინებულმა, რომ ვინმეს არ შემოესწრო მისთვის, თავი დაანება ფულის ძებნას, გაიხადა სისხლით დასვრილი ტანსაცმელი, კარადიდან გამოიღო მაისური და შარვალი, ჩაიცვა, თავისი კუთვნილი მაისურით კი გაიწმინდა სისხლიანი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი ჩადო ზურგჩანთაში, ბენზინი მოასხა იატაკსა და საწოლზე და ცეცხლი მოუკიდა. თვითონ გავიდა აივანზე, აივანსა და ლიფტის შახტას შორის არსებული სივრციდან ჩავიდა ეზოში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, გარდაცვლილის მეუღლემ, აჩვენა, რომ ,,დაახლოებით 12:00–დან 14:00 სთ–მდე პერიოდში, დედამისს ტელეფონზე დაუკავშირდა მეზობელი, რომელმაც უთხრა, რომ ხმაური გამოდიოდა მისი სახლიდან, რაზეც მან უპასუხა, რომ ელექტრიკოსი უნდა მისულიყო მათთან. შემდეგ ისევ დაურეკა მეზობელმა და უთხრა, რომ მათი სახლიდან ხმაური და ბოლი გამოდიოდა. ისინი გაემართნენ სახლის მიმართულებით. მივიდნენ, კარი ვერ გააღეს, შემდეგ გამოიძახეს სახანძრო.

ეზოში ყოფნის დროს გაიგო, რომ ორი ქალბატონი იყო დამწვარი. მისი მეუღლე და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლულები იყვნენ. დაზარალებულის განმარტებით, მისი თანდასწრებით გამოძიების დროს დათვალიერებულ იქნა CD დისკი, რა დროსაც მის მიერ ამოცნობილ იქნა თამაზ გ., რომელსაც მისი ტანსაცმელი ეცვა და ჩამოხტა აივნიდან.

შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერებითა და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლომ თამაზ გ. დამნაშავედ სცნო სსკ–ის 109–ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და 187 – ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გაითვალისწინა თამაზ გ.–ს როგორც დამამძიმებელი, ისე შემამსუბუქებელი გარემოებები. კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი. ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და სასჯელის ზომად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.