სტეფან მალარმეს გარდაცვალების დღისადმი

  13:05:00     09-09-2011

დიდი ფრანგი პოეტის სტეფან მალარმეს შესახებ პრესა.გე-ს მკითხველს ვესაუბრეთ მის დაბადების დღეს, 18 მარტს („გაგიჭებულ ფიქრს, ოქროს სიტყვით ხიბლავს მალარმე“). იქვე იყო წარმოდგენილი მალარმეს ერთი ლექსი, „ზაფხულის სევდა“, თარგმნილი  ბადრი თევზაძის მიერ.

მაშინ აღვნიშნე და ახლაც უნდა გავიმეორო: სტეფან მალარმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა სიმბოლისტური პოეზიის ისტორიაში. მალარმე პარიზში ხელმძღვანელობდა სიმბოლისტებისა და იმპრესიონისტების, პოეტებისა და მხატვრების ჯგუფს. მისი აზრით, პოეზია კი არ გვიჩვენებს, არამედ შთაგვაგონებს. მან დიდი გავლენა იქონია ნაცნობებზე, თანამედროვეებზე და შემდგომი თაობის სიმბოლისტებზე.

შემდგომ ამისა, 27 იივლისს მკითხველს გავახსენეთ მისი ლექსები „ლაჟვარდი“ და „გედი“, რომლებიც თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა.

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში მოგვეპოვება ვალერიან გაფრინდაშვილის ორი შესანიშნავი ესე, რომლებშიც ის აღტაცებით მოიხსენებს მალარმეს: „ბარათაშვილი“ და „სონეტის პრობლემა“. ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ესეში ვალერიანი წერს, რომ ბარათაშვილი: „განიცდის დროს როგორც კოშმარს, მიწაზედ მიჯაჭვული, როგორც მალარმეს თოვლიანი გედი“. სონეტი, ქართველი პოეტებისათვის ლექსის საყვარელი ფორმა გახდა, ქართული სონეტი მათ ძალიან დახვეწეს და უმაღლეს ხარისხზე აიყვანეს. ერთ-ერთი, ვისი სონეტიც ძალიან უყვარდათ ქართველ პოეტებს, იყო მალარმე. ესეში, „სონეტის პრობლემა“ ვალერიან გაფრინდაშვილი წერს: „სტეфან მალარმეს დაუვიწყარი "გედიც" - სონეტია“ (გედი დაიწერა 1885 წელს). მკითხველს შეუძლია აღნიშნული ესეები იხილოს: www. presa.ge / ლიტერატურა. მალე შემოგთავაზებთ ვალერიან გაფრინდაშვილის ესეს „სტეფან მალარმე“.

დღეს, ჩვენს მკითხველს გავახარებთ სტეფან მალარმეს ორი ლექსით, რომლებიც თარგმნა გივი გეგეჭკორმა.

გამოცხადება

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

მთვარე მჭმუნვარედ ვიდოდა. სერაფიმების კრებული
ორთქლივით მსუბუქ ყვავილთა დუმილში აცრემლებული
წმინდა ცრემლებით მომაკვდავ ვიოლებს აქვითინებდნენ
და ის ხმა თრთოდა ყვავილთა ლაჟვარდზე და გვირგვინებზე.
იმ დღეს პირველად გაკოცე, ო, ის დღე კურთხეულია,
ჩემი ოცნება, რომელსაც ჩემი წამება სწყურია,
კვლავ გაწაფული თვრებოდა, ჩემი წუხილის თრიაქით,
თავის მოსავალს იმკიდა და ჩემი სულის წიაღი
ისევ პირწმინდად გაძარცვა, გაძარცვა დაუნანებლად.
მე ასე მივაბიჯებდი ძველ ქვაფენილზე, ზმანებად
როცა ქუჩაში საღამოს მოხვედ და გამომეცხადე,
მზე თმებზე დაგციმციმებდა, გაჯდა სიცილის მერცხალი
და სენი გამოცხადებით აიმდენი შემაძლებინე,
რომ მომეჩვენა მზის ქუდით ის, ვინც ოდესღაც ნებიერ
ბავშვის ჯადოსნურ სიზმრებში მოდიოდა და მაღლიდან
დამათრობელი მთიების თეთრ თაიგულებს ბარდნიდა.

მნათე

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

როცა ცისკრის ნათელი ზარების ხმით გარშემო
მღერის გაღვიძებული გამჭვირვალე ჰაერი,
თავს იწონებს ბავშვი და აწკრიალებს ანჟელუსს
ველზე, სადაც ბალახი ხარობს ათასნაირი,

მნათეს კვნესით შეურხევს ლათინური ბაგეებს.
მხართან შავი ფრინველი აირევა გუნდებად,
ქვაზე ჟამგადასული და ბებერი ბაგირი
ზარებს ააჟღრიალებს და კვლავ გაიგუდება.

მნათე მე ვარ. ვაღვიძებ ღამეს ყურებდაცქვეტილს
ზარის რეკვით, ჩავუდგა სული მინდა იდეალს,
მაგრამ ყველგან ცოდვილი მორჩილების კიდეა

და ხმა აღწევს ჩემამდე ყრუ და ნაწყვეტ-ნაწყვეტი!
რადგან ვრეკავ ამაოდ  და ვერავის ვაღვიძებ,
ბოლოს მნახავ, სატანავ, ჩამოხრჩობილს ბაგირზე.