XXI-ე საუკუნის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი

  11:02:32     09-09-2011

ტანკების გამოგონების დღიდან, მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთ სამხედრო კონფლიქტს, მსოფლიო ომსა თუ ლოკალურ შეტაკებას მათი გამოყენების გარეშე არ ჩაუვლია. მაგრამ იმ გამოთქმისა არ იყოს ჯოხს ორი ბოლო აქვსო, ტანკების შემთხვევაშიც, მათი ბრძოლის ველზე გამოჩენის დღიდან, ინჟინრებისა და კონსტრუქტორების მეორე ნაწილი, მათი განადგურების ეფექტური საშუალებების შექმნაზე მუშაობს.

საომარ მოქმედებებში ტანკების ჩაბმიდან, სულ მალე 100 წელი შესრულდება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე. ეს პროცესი კატა-თაგვობანას თამაშს ჰგავს. ტანკების სრულყოფის, მათი ჯავშნის გაძლიერების და თავდაცვითი სისტემების გამოგონებასთან ერთად, იქმნება სულ უფრო თანამედროვე და სრულყოფილი ყუმბარსატყორცნები და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები.

 კუმულაციური ჭურვებისგან ტანკების დასაცავად, მათზე დინამიური დაცვის ელემენტების დაყენება დაიწყეს. საპასუხოდ კი, კონსტრუქტორებმა ტანდემური კუმულაციური რეაქტიული ყუმბარები და რაკეტები შექმნეს. პირველი აქტიური ჯავშნის ელემენტს აფეთქებდა, მეორე კი უკვე ტანკის ბორტს ხვრეტს.

ტანკებთან ბრძოლის შემდეგ ეტაპს გაღარიბებულ ურანიანი ჭურვები წარმოადგენდნენ. XXI-ე საუკუნეში, ტანკების გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში აქტუალურობას არ კარგავს. მაგრამ დღევანდელი ტანკი პრაქტიკულად ყველანაირად სრულყოფილი საბრძოლო ერთეულია. შესაბამისად, მისი განადგურება სულ უფრო და უფრო რთულდება. ამიტომაც ამერიკელები ამ პრობლების გადაჭრას რადიკალური მეთოდით მიუდგნენ.

საქმე იმაშია, რომ არსებულ ყუმბარსატყორცნებში ან მართვად ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებში, საბრძოლო ქობინის მასის გაზრდა საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენს. რადგან ამ პროცესს მთლიანად რეაქტიული ყუმბარის ან სარაკეტო კომპლექსის მასის და გარკვეულწილად გაბარიტების ზრდაც სდევს. ამიტომაც ამერიკელებმა საბრძოლო ქობინის მასის გაზრდას, რაკეტის ფრენის სიჩქარის გაზრდა ამჯობინეს.

ასე შეიქმნა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი MGM-166 LOSAT, რომელიც ტანკებთან ბრძოლის საშუალებებში ამერიკის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ბოლო სიტყვაა. ფირმა Lockheed Martin-ის მიერ შექმნილ კომპლექსს LOSAT-ს (Line-Of-Sight Anti-Tank - ვიზირების ხაზზე მოქმედი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი) დღეს არსებული ნებისმიერი ტანკის განადგურება შეუძლია. მთავარი განსხვავება ყველა წინამორბედ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებასთან ის არის, რომ LOSAT-ის რაკეტა მიზანს არა საბრძოლო ქობინით, არამედ კინეტიკური ენერგიის ხარჯზე ანადგურებს.

ამ უნიკალური შესაძლებლობების მქონე სარაკეტო კომპლექსის შექმნა საფუძველს გასული საუკუნის 80-იან წლებში იღებს. ჯერ კიდევ 1988 წელს, აშშ-ს არმიის ინიციატივით დაწყებული იყო პროგრამა AAWS-H (Advanced Anti-Tank Weapon System – Heavy - თანამედროვე მძიმე ტანკსაწინააღმდეგო საშუალება). პროცესი სახმელეთო ბაზირების ახალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შექმნას ისახავდა მიზნად. რა თქმა უნდა, პერსპექტიულ შეიარაღებას, სამხედროებმა გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს. პირველ რიგში, კომპლექსი მცირე გაბარიტული უნად ყოფილიყო, რომ მისი გადატანა ჰაერით ყოფილიყო შესაძლებელი. მალევე პროგრამის ფარგლებში შეიქმნა რაკეტა KEM, რომელიც სამიზნეს კინეტიკური ენერგიის ხარჯზე ანადგურებდა.

  რაკეტის სიგრძე 2.87 მ-ს, დიამეტრი 0.16 მ-ს, მასა კი 79 კგ-ს შეადგენს. მაგრამ განსაკუთრებულ გაკვირვებას მისი ფრენის სიჩქარე იწვევს, რომელიც 1500 მ/წმ-ს შეადგენს. ეს კი 5400 კმ/სთ-ს ექვივალენტურია. ეს სიდიდე ბგერის გავრცელების სიჩქარეზე ოთხჯერ მეტია.

მოქმედების მაქსიმალური დისტანციის დასაფარად, რომელიც დაახლოებით 4500 კმ-ს შეადგენს, მას მხოლოდ 3 წმ სჭირდება. ამასთანავე, რაკეტას არც კუმულაციური და ფუგასური ტიპის საბრძოლო ქობინები გააჩნია. მიზნის განადგურება კი დიდი სიჩქარისა რაკეტის ცხვირში არსებული ვოლფრამისგან დამზადებული ჯავშანგამტანი გულარის საშუალებით ხდება.

LOSAT-ი ზემოთ მოყვანილი სისტემის შემდგომი გაუმჯობესებული ვარიანტია. წინამორბედისგან განსხვავებით, მისი СКЕМ-ის ტიპის რაკეტის სიგრძე 1.5 მ-ია და ის მხოლოდ 45 კგ-ს იწონის. სამაგიეროდ, მისი ფრენის სიჩქარე უკვე 6.5 მახს შეადგენს (მახი ბგერის ერთი სიჩქარე) და ფრენის მანძილიც 10000 მ-მდე გაიზარდა. 2007 წლის თებერვალში ჩატარებული გამოცდებისას, 3400 მ-ის დისტანციიდან ნასროლმა რაკეტამ, საბჭოური T-72-ის ტიპის ტანკი წარმატებით გაანადგურა.

ამ უნიკალური იარაღის მობილურობის მიზნით, სისტემა LOSAT მაღალი გამავლობის HUMMER-ზე დაამონტაჟეს, რისი საშუალებითაც ის ჰაერითაცაა ტრანსპორტაბელური (წონა 5500კგ). რაკეტების გარდა, კომპლექსის შემადგენლობაში სამიზნის აღმომჩენი ბლოკი, წინხედვის ინფრაწითელი და ვიდეო მაჩვენებლები შედიან. ამის წყალობით, სისტემა, პრაქტიკულად, ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს. ერთ მანქანაზე, ოთხი რაკეტაა განთავსებული, რომლებიც წყვილ-წყვილად მის ჭერში არსებულ ნაკვეთურში მდებარეობენ. კომპლექსის გათვლა 2-3 კაცისგან შედგება.

კომპლექსის შექმნას თან ბევრი პრობლემა სდევდა, რის გამოც პირველი საცდელი გაშვება მხოლოდ 1997 წელს შედგა. მალევე აშშ-ს არმიამ მწარმოებელ ფირმასთან  9.3 მილიონ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება დამკვეთისთვის 12 კომპლექსისა და 144 რაკეტის მიწოდებას ითვალისწინებდა. LOSAT-ების მიწოდება 2003 წელს დასრულდა და ისინი აშშ-ს არმიის საპარაშუტო-სადესანტო ქვეითი პოლკის შეიარაღებაში შევიდნენ.

შემდგომ, სამხედროებს ამ ჰიპერბგერითი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მუხლუხოვან შასიზე განთავსების იდეა მოუვიდათ. ამ შემთხვევაში, ეკიპაჟის, "ჰამერთან" შედარებით უკეთესად იქნებოდა დაცული. შასის სახით, 1980-იანი წლების ბოლოს შექმნილი ჰაერიდან დესანტირებადი M-8-ის ტიპის ტანკი შეირჩა, რომელიც თავის დროზე მხოლოდ 11 ეგზემპლიარის ოდენობით დამზადდა. ტანკის შასიზე ახალი კოშკურა დააყენეს, რომელზეც ორ პაკეტში ექვს-ექვსი რაკეტა განალაგეს. "ჰამერისგან" განსხვავებით, რომელზეც სროლა მხოლოდ წინა მიმართლებით შეიძლებოდა, ახალი კოშკურა 360 გრადუსზე ტრიალებდა. მაგრამ ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღებულმა დანადგარმა ვერ ჰპოვა განვითარება.