M270 MLRS - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
10:46:46     09-09-2011
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M270 MLRS (Multiple Launch Rocket System) არის ამერიკული წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. რეაქტიულ სისტემაზე მუშაობა გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ერთობლივად დაიწყეს. M270 მოძველებული GSRS-იდან (General Support Rocket System) განვითარდა.
რეაქტიული საარტილერიო სისტემა ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ შეიარაღებაში 1983 წელს მიიღო. ამის შემდეგ M270 „ნატოს“ წევრი მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა ათვისებული. წარმოების დაწყებიდან დასასრულამდე სულ დაახლოებით 1300 ერთეული ამ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა იქნა წარმოებული, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპის ქვეყნებში. ამასთანავე დამზადდა საარტილერიო დანადგარის 700 000 ერთეულზე მეტი რაკეტა. M270-ის წარმოება 2003 წელს დასრულდა, სისტემის უკანასკნელი პარტია ეგვიპტის არმიის მიერ იქნა შესყიდული.
საარტილერიო დანადგარის მაქსიმალური სიჩქარე 65კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო საწვავის ერთი გაწყობით მას დაახლოებით 485 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. რეაქტიულ სისტემა 12 ერთეული 240 მილიმეტრიანი მიმმართველით არის შეიარაღებული. სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური რაკეტის სიგრძე 3.96 მეტრია და 307 კილოგრამს იწონის. M270 ასევე შეუძლია გაისროლოს კასეტური რაკეტები. კასეტური რაკეტები ორი ტიპისაა, ერთში ტანკსაწინააღმდეგო კასეტური ელემენტებია განთავსებული, ხოლო მეორე ტიპის რაკეტა AT-2-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს შეიცავს. რაკეტების საბრძოლო ქობინები შეცვლადია. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის საბრძოლო კომპლექტში ასევე შედის შედარებით ახალი შექმნილი მართვადი რაკეტა, რომლის სროლის მანძილი 60-დან 100 კილომეტრის ფარგლებში ვარირებს.
M270-ს ასევე შეუძლია გაისროლოს MGM-140A ATACMS-ის (Army TACtical Missile System) ტიპის ტაქტიკური რაკეტაც. ამ რაკეტის სროლის მაქსიმალური მანძილი 165 კილომეტრს აჭარბებს. MGM-140A 1670 კილოგრამს იწონის, საიდანაც კასეტური ტიპის საბრძოლო ქობინზე 560 კილოგრამი მოდის, ხოლო რაკეტის უკანასკნელი მოდიფიკაცია MGM-168A ATACMS Block 4A, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, 270 კილომეტრს ფარავს. მისი მსხვრევად-ფუგასური ტიპის საბრძოლო ქობინი კი 227 კილოგრამს იწონის. საარტილერიო დანადგარს ამ ტიპის ორი რაკეტის ტარება შეუძლია. თუმცა ასევე შესაძლებელია ერთი ATACMS-ის ტიპისა ტაქტიკური რაკეტისა და ექვსი ჩვეულებრივი რაკეტის კომბინაციაც.
M270-ს შეუძლია „ისროლე და გაიქეცის“ პრინციპით მოქმედება. ასეთი უნარი საარტილერიო სისტემა მოწინააღმდეგოს კონტრბატარეის საპასუხო ცეცხლისაგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა დაფუძნებულია ამრიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანის M2 „ბრედლის“ მცირედ მოდიფიცირებულ M993-ის ტიპის შასიზე. ძალური დანადგარის სახით საარტილერიო სისტემაზე Cummins VTA-903T-ს ტიპის დიზელის ძრავაა დაყენებული. ეს ძრავა 500 ცხენისძალას გამოიმუშავებს.
საარტილერიო სისტემის კორპუსი დაჯავშნულია, მისი ჯავშანი ეკიპაჟს მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. M270-ზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, მისი ეკიპაჟი ასევე დაცულია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან.
საარტილერიო სისტემის ხელახალი დატენვა ეკიპაჟის მიერ ხდება და ის დაახლოებით 5-10 წუთს საჭიროებს. დატენვაში ეკიპაჟს სპეციალური ინტეგრირებული ამწე ეხმარება. სათადარიგო რაკეტები M985 HEMTT-ის ტიპის მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანაზეა მოთავსებული.
M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის საჰაერო გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია C-5-ისა და C-17-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებით.
army.ge