C1 Ariete - ძირითადი საბრძოლო ტანკი

  10:45:41     09-09-2011

იტალიური ძირითადი საბრძოლო ტანკი C1 Ariete ორი იტალიური კომპანიის Iveco-Fiat-ისა და Oto Melara-ს ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქნა. ტანკის შასი და ძრავა კომპანია „ივეკომ“ დაამზადა, ხოლო კოშკურა და ცეხცლის მართვის სისტემა კომპანია „ოტო მალერამ“. ძირითად საბრძოლო ტანკში უახლესი ოპტიკური და ციფრული ხელსაწყოები გამოიყენება. ასევე უახლესია ტანკის ცეცხლის მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში მოძრაობის დროს მაღალი ალბათობით იქნეს დააზიანებული ასევე მოძრავი სამიზნე. „არიეტეს“ პირველი პარტიები იტალიის არმიას 1995 წლისათვის გადაეცა, ხოლო უკანასკნელი პარტია იტალიის არმიამ თითქმის შვიდი წლის შემდეგ, 2002 წლის აგვისტოში მიიღო.

ტანკს სახელი „არიეტე“ იტალიური სატანკო დივიზიის საპატივცემულოდ ეწოდა. ეს დივიზია მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. განზრახული იყო ახალი ტანკით მოძველებული M60A1 ტიპის ტანკები ჩაენაცვლებინათ იტალიის არმიაში. C-1 Ariete-ს პირველი პროტოტიპი 1986 წელს აიგო, ხოლო შემდეგი ექვსი 1989 წელს. დღესდღეობით იტალიის არმიის შეიარაღებაში 200 ამ ტიპის ტანკია.

ძირითადი საბრძოლო ტანკი C-1 Ariete დაცულია კომპოზიტური ჯავშნით, რომელიც ბრიტანული და ამერიკული ტანკების - Challenger 2-ისა და M1 Abrams-ის - „ჩობჰემის“ ტიპის ჯავშნის ანალოგიურია. გარდა ამისა მასზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ჯავშნის დამატება. ტანკის ეკიპაჟი დაცულია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან.

„არიეტე“ შეიარაღებულია Oto Melara-ს 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომელიც შეთავსდებადია „ნატოს“ სტანდარტის 120 მმ-იან ამუნიციაზე. ქვემეხის დატენვა ხელით ხდება. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 42 ჭურვისაგან შედგება, რომელთაგან მხოლოდ 15 ცალი ჭურვა განთავსებული კოშკურაში და ნებისმიერ მომენტში მზად არის გასასროლად, ხოლო დანარჩენი მათგანი კორპუსის წინა ნაწილებში ინახება.

ტანკს მეორადი შეიარაღების სახით გააჩნია 2 x 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი. ერთ-ერთი მათგანი ქვემეხთანაა შეწყვილებული, ხოლო მეორე მათგანი კოშკურაზე, მეთაურის ლუკთანაა დამონტაჟებული და საზენიტო ტყვიამფრქვევის ფუნქციქას ითავსებს.

ძალური დანადგარის სახით „არიეტეზე“ 25.8 ლიტრის მოცულობის, Fiat-Iveco-ს ტიპის 12 ცილინდრიანი დიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 1250 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ტანკის მაქსიმალური სიჩქარე 65 კმ/სთ-ია. „არიეტეს“ შასის ზოგიერთი კომპონენტი გერმანული Leopard 2-ის მსგავსია. 2005 წელს შედგა ტანკის ახალი ვარიანტის Ariete Mk.2 ჩვენება. ახალი ტანკი აღჭურვილია 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომელზედაც ავტომატური დამტენია დამონტაჟებული, გარდა ამისა მას აქვს 1500 ცხ.ძალიანი ძრავა და გაცილებით უფრო მაღალი დონის ცეცხლის მართვის სისტემა.

army.ge