Donar – 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა

  10:42:13     09-09-2011

155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა Donar-ი გერმანული Kraus-Maffei Wegmann-ისა და ამერიკული General Dynamics-ის ერთობლივი მუშაობის შედეგს წარმოადგენს. Donar-ი ფართო საზოგადოებამ პირველად 2008 წელს იხილა. საარტილერიო სისტემას სახელი გერმანული მითოლოგიიდან, ჭექა-ქუხილის წარმართული ღვთაების დონარის საპატივცემულოდ ეწოდა. „დონარის“ დაპროექტებისას განზრახული იყო, რომ ის ყოფილიყო გაცილებით უფრო სწრაფი, მსუბუქი, ძლიერი და უფრო ეფექტური საარტილერიო სისტემა, ვიდრე 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა PzH 2000. Donar-ი წარმოადგენს Artillery Gun Module (AGM)-ის ღრმად მოდერნიზებულ ვარიანტს. Donar-მა წარმატებით დაასრულა საგამოცდო პერიოდი და AGM-ისაგან განსხვავებით უახლესი საარტილერიო სისტემა საექსპორტოდ გატანაზეც არის გამიზნული.

Donar-ზე დაყენებულია მოძრავი კოშკურა, რომელიც 155 მმ-იანი L52 ტიპის ჰაუბიცითაა აღჭურვილი. მასზე ავტომატური დატენვის სისტემაა დამონტაჟებული, თუმცა შესაძლებელია ჰაუბიცის ხელით დატენვაც. საარტილერიო სისტემის ეკიპაჟი მხოლოდ ორი კაცისაგან შედგება. Donar-ი მნიშვნელოვნად მსუბუქია PzH 2000-ზე და ამასთანავე გაცილებით უფრო იაფი ჯდება მისი აგება. ჰაუბიცის საბრძოლო კომპლექტი შემცირებულია და 30 ჭურვისაგან შედგება. სროლის მაქსიმალური მანძილი ჭურვის ტიპზეა დამოკიდებული. სტანდარტული ჭურვით სროლის მაქსიმალური მანძილი 30 კმ-ს, ხოლო რაკეტული ჭურვებით 40 კმ-ს აღწევს. თუმცა სამხრეთ აფრიკული VLAP-ის ტიპის ჭურვით 56 კმ-ის დაფარვაც არის შესაძლებელი. ჰაუბიცის სროლის მაქსიმალური სისწრაფე 6 გასროლაა წუთში. სწაფსროლის გაზრდა შესაძლებელია წუთში 8 გასროლამდეც. Donar-იდან შესაძლებელია ოთხი ჭურვის გასროლა ის, რომ ისინი ერთდროულად მოხვდეს სამიზნეს. ჰაუბიცაზე დამონტაჟებულია უახლესი ცეცხლის მართვის სისტემა.

Donar-ის პროტოტიპი თავდაცვით შეიარაღებას მოკლებულია, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში საწარმოო ვარიანტებზე მეორადი შეიარაღება დამონტაჟებული იქნება.

საარტილერიო სისტემის კაბინა დაჯავშნულია და მისი ჯავშანი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვაზეა გათვლილი. საჭიროების შემთხვევაში დაცვის გაზრდა შესაძლებელია დამატებითი ჯავშნის დაყენებით. ჰაუბიცაზე დამონტაჟებულია NBC-ის დაცვისა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

საარტილერიო სისტემის შასად გამოიყენება General Dynamics-ის წარმოებული ქვეითთა საბრძოლო მანქანის ASCOD 2-ის შასი. თვითმავალი ჰაუბიცის ძალურ დანადგარს გერმანული MTU-ს ტიპის 720 ცხ.ძალიანი დიზელის ძრავა წარმოადგენს. გარდა ამისა საარტილერიო სისტემაზე დამონტაჟებულია დამხმარე ძალური აგრეგატიც, რომელიც საბორტე ელექტრონული სისტემების გამართულ მუშაობას ძირითადი ძრავის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს. Donar-ის კოშკურა შესაძლებელია დამონტაჟებულ იქნას სხვადასხვა ბორბლებიან თუ მუხლუხებიან მანქანებზე. საარტილერიო სისტემის ტრანსპორტირება შესაძლებელია Airbus A400M-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით, თუმცა ის გაცილებით დიდია იმისათვის, რომ მისი ტრანსპორტირება C-130 Hercules-ისა და C-160 Trasall-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით მოხდეს.

army.ge