რუსეთს არმია ხელიდან ეცლება
20:48:57     08-09-2011
რუსეთი, რომელიც არმიის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას ცდილობს, პოტენციური მოწინააღმდეგეების შესაშინებლად მილიონებს ხარჯავს, „გასაბერ“, ყალბ სამხედრო ტექნიკაზე.
მოსკოვი ყიდულობს ყველაფერს – „გასაბერი ტანკიდან“ დაწყებული, „მიგებით” დამთავრებული. რა თქმა უნდა, მიზანი ჯაშუში თანამგზავრისა და მტრის შეცდომაში შეყვანის სურვილია, თანაც, ძალიან იაფად. თუმცა ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაში, რომ გასაბერი სამხედრო ტექნიკისაკენ რუსეთის სწრაფვას სხვა, უფრო სერიოზული და თანაც რეალური მიზეზი აქვს. ეს კი ისაა, რომ რუსეთის რეალური სამხედრო არსენალი „ჩაფუშულია.”
კენტის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, როჯერ მაკდერმოტი ამბობს, რომ 15-წლიანი შესვენების შემდეგ რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან რუსეთის სამხედრო არსენალის დიდი ნაწილი დაძველდა. წინ, როგორც ჩანს, ხანგრძლივი ბრძოლებია. რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით კი, მაგალითად, საზღვაო ქვეითების მხოლოდ 20%-ს აქვს დაშვება თანამედროვე იარაღთან.
სახელმწიფო აპირებს 700 მილიარდი დოლარი დახარჯოს, რომ 2020 წლისათვის ეს პრობლემა გადაჭრას. მაგრამ ეს სტრატეგია, შესაძლოა, ჩაიძიროს რუსეთის კორუფციის პირობებში, რადგან მოცემულ მომენტში, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ინიციატივები მინიმალური ეფექტის მატარებელია. ეს კი საშუალებას არ აძლევს თავდაცვის მრეწველობას დააკმაყოფილოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოთხოვნები. Oოფიციალური მონაცემების თანახმად, 2010 წელს კორუფციის გამო რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის 20% დაიკარგა და ხელისუფლებას მხოლოდ 9 წელი დარჩა იმისათვის, რომ ცივი ომის ჯარისკაცისგან, 21-ე საუკუნის მებრძოლი გამოიყვანოს.
ვიდრე რუსეთის ხელისუფლება არმიის გათანამედროვებაზე ფიქრობს, სამხედრო არსენალის მოძველების გარდა, ხელიდან ეცლება ცოცხალი ძალაც. ძალიან მალე, შესაძლოა, შეიარაღებული ძალები, ასობით მაღალი წოდების პირმა დატოვოს. უკვე 160-მა გენერალმა და ოფიცერმა თქვა უარი, დაემორჩილონ თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვისა და საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას, როტაციის გამო, მოსკოვიდან, სამუშაოდ, რუსეთის სხვა – მოშორებულ რეგიონებში გადავიდნენ.
ამ პროტესტის შემდეგ, სერდიუკოვს ბევრი არ უფიქრია და 160-ივე სამხედრო პირის გათავისუფლებას მოაწერა ხელი.
თუმცა, როგორც ჩანს, პროტესტი ამით არ ამოიწურება. ინტერნეტსივრცეში გაჩნდა მოწოდებები, რომელიც სამხედროებს მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე სახელწოდებით – „არმია სერდიუკოვის წინააღმდეგ” - მისვლისკენ მოუწოდებს. აქციაზე, რუსული არმიისა და კორუფციის შესახებ ღიად საუბარს აპირებენ და გააჟღერებენ სამხედრო რეფორმის ჩავარდნის, თავდაცვითი მრეწველობის ნგრევის, ასევე სამხედრო პირთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამის ჩავარდნისა და სამინისტროს მიერ მოტყუებული აქციონერების პრობლემების შესახებ.
აქციაზე, გათავისუფლებულ სამხედროებსაც მიიზიდავენ. მთავარი მოთხოვნა კი მედვედევისადმი იქნება მიმართული – გაათავისუფლოს ანატოლი სერდიუკოვი, რომელსაც ისედაც აქვს პრობლემები, რადგან მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, ვერაფრით მოახერხა არმია და ფლოტი თანამედროვე და სასიცოცხლოდ აუცილებელი შეიარაღებით აღჭურვოს.