გაზაფხულის არეულობის მონაწილეებს, სასამართლომ სასჯელი შეუფარდა

  14:22:58     08-09-2011

2011 წლის 26 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება 15 ბრალდებულის მიმართ. გიორგი ჩიხლაძეს, ჯიმშერ ჩიხლაძეს, თეიმურაზ ელყანიშვილს, ვაჟა მახარაშვილს, ლერი ბერიტაშვილს, ნოდარ აბუსერიძეს, ბესიკ ნებიერიძეს, ბესიკ ბერიტაშვილს, დავით ასათიანს, ივანე იოსელიანს, ელგუჯა გურაბანიძეს, გალაქტიონ გიგუაშვილს, თამაზ ოდიაშვილს, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილსა და ზურაბ ლიჩელს ბრალად ედებოდათ: უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა; გიორგი ჩიხლაძეს, ასევე ბრალი ედებოდა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გასაღებაში, ხოლო ვ. მახარაშვილს - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების მიხედვით: 2011 წლის გაზაფხულზე, გიორგი ჩიხლაძემ, ირაკლი ოქრუაშვილისა და იოსებ გიგუაშვილის დავალებით, ზემოხსენებული ბრალდებული პირების მიერ შექმნა მყარად შეკავშირებული უკანონო შეირაღებული ფორმირება, რომელიც მიზნად ისახავდა, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მისი უსაფრთხოების დაცვას, ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელებისას, საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას.

ჯგუფის წევრები ი. ოქრუაშვილისა და ი. გიგუაშვილისგან იღებდნენ დავალებებს და ერთმანეთთან ჰქონდათ სისტემატიური კავშირი.

ფორმირების მიზნებისთვის, 2011 წლის ივნისში, ირაკლი ოქრუაშვილმა ვინმე ,,ვასიას" მეშვეობით, ცხინვალის რეგიონიდან გ. ჩიხლაძეს მიაწოდა სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელიც გ. ჩიხლაძემ გაანაწილა ჯგუფის წევრებზე, რაც შემდეგ სამართალდამცავების მიერ ამოღებული იქნა ბრალდებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად.

სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულ იქნა მოწმეთა ჩვენებებით, დაკავების,   პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, სასამართლო- ბალისტიკური, პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. ღია სასამართლო სხდომაზე ყველა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ასევე აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიხლაძეს სასჯელის სახედ 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 6 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; ვაჟა მახარაშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 2 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;  თეიმურაზ ელყანიშვილს, ლერი ბერიტაშვილს, ბესიკ ნებიერიძეს, ნოდარ აბუსერიძეს, ბესიკ ბერიტაშვილსა და ზურაბ ლიჩელს სასჯელის სახედ თითოეულს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, საიდანაც მსჯავრდებულები 6 თვეს მოიხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალათ პირობითად, 5 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; ელგუჯა გურაბანიძეს, დავით ასათიანსა და ივანე იოსელიანს თითოეულს განესაზღვრათ 1 წლიანი პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; გალაქტიონ გიგუაშვილსა და ნიკოლოზ ჯანჯალაშვილს მიესაჯათ თითოეულს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვალათ პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; ჯიმშერ ჩიხლაძესა და თამაზ ოდიაშვილს სასჯელის სახედ 5-5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებულები 1 წელს მოიხდიან თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალათ პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

                 თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური