"უფროსი დაგვემუქრა, რომ ყველა დატოვებდა სამსახურს, ვინც კი აქციაზე გავიდოდა" – შრომის ინსპექციის თანამშრომელი

  16:20:01     11-12-2024

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურის მოქმედი თანამშრომელი "მთავარ არხს" წერილს უგზავნის, სადაც სამსახურის ხელმძღვანელს, ბექა ფერაძეს მუქარასა და ზეწოლაში ამხელს.

ის დეტალურად ჰყვება იმ ტერორსა და წნეხზე, რომელსაც ბექა ფერაძე მისი თანამშრომლების მიმართ იყენებს. მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური აზრი და არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

წერილიდან ირკვევა, რომ ბექა ფერაძე აიძულებს დატოვონ თანამდებობები იმ ადამიანებმა, ვინც აპროტესტებს "ქართული ოცნების" პოლიტიკას. ასეთ თანამშრომელთა რაოდენობა კი, შრომის ინსპექციაში საკმაოდ დიდია.

"გწერთ შრომის ინსპექციის სამსახურიდან. მას შემდეგ, რაც ჩვენმა კოლეგამ გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუკზე, რომ წუხს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო, დაუყოვნებლივ ჩაგვენიშნა თათბირი, სადაც სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე დაგვემუქრა, რომ ყველა დატოვებდა სამსახურს, ვინც კი აქციაზე გავიდოდა და თავის მოჭრას არავის აპატიებდა. ასევე, კატეგორიულად აგვეკრძალა გათავისუფლების განცხადების დაწერა და საჯარო სივრცეში დადება და, თუ მაინც ასე მოვიქცეოდით ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.

თათბირზე კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ჩვენს ყველა ქმედებას აკონტროლებენ როგორც მონიტორინგის, ისე სუს-ის თანამშრომლები. ეს თათბირი ჩატარდა როგორც შრომითი უფლებრივი სამსახურის (ანუ ჩვენი), ისე შრომის უსაფრთხოების სამსახურშიც. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შრომის ინსპექციის ყველა სტრუქტურისა და ქვედანაყოფის თანამშრომლები, კოლექტიურად ვწერთ სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ვემიჯნებით არსებულ პოლიტიკას და ვდგებით ხალხის გვერდით. აღნიშნულის თაობაზე ვაცნობეთ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს და მან დრო ითხოვა, რომელიც უკვე ამოიწურა", - წერს ინსპექციის თანამშრომელი, რომელიც მან "მთავარ არხს" გამოუგზავნა.