ვახტანგ რაზიკაშვილი - „მამის ხასიათი“

  12:22:49     08-09-2011

ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ ვაჟას შვილის, ვახტანგ რაზიკაშვილის მოგონებებიდან, „მამაჩემი ვაჟა ფშაველა“, პატარა ნაწყვეტებს, ქვეთავებს - „მამის ხასიათი“ და ‘სტუმართმოყვარეობა“.

ვაჟა-ფშაველას იუბილის აღნიშვნას დიდი ინტერესით ელის მთელი ქართველობა. ვაჟა-ფშაველა საქართველოში განსაკუთრებით უყვართ - იმიტომ, რომ ლიტერატურულ დიდოსტატობასთან ერთად, მისი შედევრები დიდი ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის მქადაგებელია, იმიტომ რომ, ამგვარივეა ქართული ბუნება.

წინამდებარე მოგონება შვილისა, კარგად გვიხატავს დიდი მგოსნის ბუნებას, მის ხასიათს.

მამის ხასიათი

მამას მეტად უცნაური ხასიათი ჰქონდა. თუ რამეზე გული მოუვიდოდა, იყო მძვინვარე, როგორც ვეფხვი, ახლოს ვერ გაეკარებოდი, იყო სრულიად უშიშარი და უკან დაუხეველი თვით სიკვდილის წინაშეც კი. ჩვეულებრივ კი მამა იყო მეტწილად მშვიდი, წყნარი, დარბაისელი, გულალალი, ბავშვივით მიამიტი, უეშმაკო და მეტისმეტად მგრძნობიარე. მაშინვე ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალზე, თუ ისეთ რამე ამბავს ეტყოდა ვინმე.

თუ ვინმეს სიკვდილს გაიგონებდა, ჭირისუფალივით შეწუხდებოდა ხოლმე. სოფელს ჭირსა და ლხინში გვერდში ედგა და არ გამოირჩეოდა მათგან, თავს არავისზე მაღლა არ აყენებდა. პირიქით, უყვარდა შინაურობაში თავმდაბლობა, პატიოსნება, სინდისი, ადამიანის სამსახური და ხალხის ზნე-ჩვეულების პატივისცემა. არ დააკლდებოდა არც ხატობას, არც ქორწილს, არც ხალარჯობას, ყველგან გაჩნდებოდა თავისი საკლავით.

სადაც საკლავი, სასმელი, ქადა-პური, ზედაშე, საწირავი ან ფული იყო საჭირო, ყოველთვის და ყველაფერში მონაწილეობას იღებდა და ირჯებოდა. თავის წილს არავის არ აკლებდა, არც ხატსა და არც ხალხსა.

თუ დასტურობა ევალებოდა (ლუდის დუღება სამარიამოდ), დასტურობდა, მასპინძლობდა ფშაველი გლეხებივით, რომ არავის დაეყვედრებონა გადაგვარება და დიდკაცობა. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მცირე თქმაში ბევრს იტყოდა. ახასიათებდა მოკლე და აზრიანი მეტყველება, დარბაისლური კილო.

ადამიანის დაჩაგვრას ვერ იტანდა. სხვებთან ყოველთვის ამაზე მოსდიოდა უსიამოვნება. იტყოდა ხოლმე საჯაროდ: „კაცნო, ერთურთს ნუ სჩაგრავთ, ერთურთი უნდა გავიტანოთ!“

მამა დიდად აფასებდა ოჯახს, მშობლიურ კერას. მახსოვს, სტუმრები გვყავდა, ჩვენსა იყვნენ: ბიძაჩემი გრიგოლი, მეზობლები და სხვები. ყველანი ხინკალს შემოსხდომოდნენ. მამა მათ ღვინოს ასმევდა, იჯდა ტახტის წინ და მუხლზე ღვინიანი ხელადა ედგა. ილოცებოდა, ჩვენი სახლის ჭერის სადღეგრძელოს სვამდა და ადარებდა ცას. მხატვრულად თქვა ეს სადღეგრძელო და კარგად ვერ დავიხსომე. შექეიფებული იყო იმ დღეს, რაღაც არაჩვეულებრივი გულგახსნილობა და მხიარულება ეტყობოდა.

მისი ნათქვამი სადღეგრძელოდან რამდენიმე სიტყვა დავიმახსოვრე. გამოვედი საჯალაბო ოთახში და მამაჩემს მივაძახე, ხმამაღლა ვყვიროდი: გაუმარჯოს ჩვენი სახლის ჭერს! დედა და ჩემი და-ძმები იცინოდნენ, თან მაჩუმებდნენ, მაგრამ მე არა ვჩუმდებოდი და მამის სიტყვებს ვიმეორებდი ამაყად.

მამაჩემმა და სტუმრებმა შენიშნეს და არ დამტუქსეს. პირიქით, დამიძახეს, სადღეგრძელო გამამეორებინეს და ღვინოც შემომთავაზეს. მეც კვლავ რიხიანი ხმით წარმოვთქვამდი: ჩვენს ჭერს გაუმარჯოს! ჩვენი სახლის წერს გაუმარჯოს! სტუმრებმა ქება-დიდება მიძღვნეს და მომეფერნენ.

სტუმართმოყვარეობა

... მამას ართანაში და ახმეტაში ვენახები ჰქონდა, მეზვრეცა ჰყავდა. მეზვრე ვენახს სანახევროდ აკეთებდა. მამაჩემს თავისი წილი ღვინო, თიანეთის გზით, ცხენებზე აკიდებული ტიკებით მოჰქონდა ჩარგალში და ქვევრებში ასხამდა. ქვევრები საჯალაბო ოთახში იყო მიწაში ჩადგმული. ღვინის ნაწილს კი ტიკებით ინახავდა.

სტუმრის მოსვლის დროს, თავის საყვარელ საქმეს, წერასაც კი მიატოვებდა, კაცს არ გააბრუნებდა უკან, რომ არ შემოეპატიჟა, პატივი არ ეცა, არ გამასპინძლებოდა. თავის ნაწერებს სტუმარსაც წაუკითხავდა, განსაკუთრებით - ლექსებს. ლექსს რომ წაუკითხავდა, თან შეეკითხებოდა: როგორ მოგწონსო? აბა, ვინ დაუწუნებდა, ყველა უქებდა ნაწერს. მასაც ეს ესიამოვნებოდა. მხოლოდ დიდად თავის მოწონება არ იცოდა. ლექსს უბრალოდ კითხულობდა, ყოველგვარი დეკლამაციის გარეშე, სადად, გასაგებად. ცდილობდა მხოლოდ, რომ მკითხველისათვის ლექსის აზრი ნათელი ყოფილიყო.

მეზობელები მამას სცნობდნენ როგორც დიდ პოეტს და მისი ბევრი ლექსი და პოემა „ბახტრიონი“ სულ ზეპირად იცოდნენ. ასეთები იყვნენ, მაგალითად: ღვთისო და მიხა მთიბელაშვილები, ოსა ზურაბაშვილი, ხეხერა ზურაბაშვილი, ბესო პირქუშაშვილი და სხვა.

ღვთისო მამას დიდად მეგობრობდა. ეს უსწავლელი კაცი, რომელსაც სკოლა არ ენახა, ნაკითხი და მეტად განვითარებული კაცი იყო. მას მეტსახელად „არჯალაანთ ხმელას“ ეძახდნენ, რადგან ხმელი, შავგვრემანი კაცი იყო, უკვე ხანში შესული, თუმცა ჭაღარა ნაკლებად ერია. იგი დინჯი, სიტყვაძვირი იყო. ზედმეტ სიტყვას არასოდეს იტყოდა. ერთი ან რამდენიმე სიტყვით შეაფასებდა მამაჩემის შრომას. მამასაც სწორედ ეს მოსწონდა, რომ მასში, ცბიერებას და სიცრუეს არ ხედავდა.

თავის ნაწერებს მამა უკითხავდა მეზობელ ქალებსაც, ვისაც სურვილი ჰქონდა მოესმინა მისთვის. უკითხავდა სრულიად წერა-კითხვის უცოდნიარ ფშაველებს. მის ლექსებს ყველა ადვილად გებულობდა, ხალისით უსმენდა.