საქართველო-უკრაინის მატჩის ღია ჩვენება – რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

  12:23:17     14-11-2024

თბილისის მერიის ცნობით, 16 ნოემბერს საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება.

ღია ჩვენების გამო, 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 ნოემბრის 14:00 საათამდე, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.

"ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 ნოემბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.

რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა 16 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება," - წერია მერიის განცხადებაში.