განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის

  14:46:36     12-11-2024

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს - 40-ზე მეტი პროექტი და 120 000-ზე მეტი ბენეფიციარი, ეს ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.

საქართველოს ბანკის სტიპენდიები 22 უნივერსიტეტში

ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 22 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება და გააგრძელონ სწავლა სასურველი მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ, გამარჯვებულებს კი საქართველოს ბანკთან ერთად ავლენენ. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიით უკვე 160-ზე მეტი სტუდენტი სარგებლობს და მათი, ისევე როგორც პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა,  ყოველწლიურად იზრდება.

“მსგავსი პროგრამები ჩვენთვის დიდი მოტივატორია, რადგან სტიპენდიატობა გარწმუნებს, რომ შენი შრომა ფასდება. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ, რადგან როგორი რთულიც არ უნდა იყოს სწავლის პროცესი, ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება”, - აღნიშნავს საბინა ფარაჯევა, ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.

CHEVENING-ი, Fulbright-ი და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიები

უკვე 11 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ საქართველოს ბანკის დაფინანსება CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში და ისწავლონ დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში 100%-იანი დაფინანსებით. აღსანიშნავია, რომ ბანკის სტიპენდია ახალგაზრდა პროფესიონალებს ცხოვრების ხარჯსაც უფინანსებს.

ჯამურად უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 60-მდე სტიპენდიატი, მათი რაოდენობა კი წლიდან წლამდე მზარდია.

„წარმატებისკენ მიმავალი გზა მიზნით იწყება, მისი ასრულება კი მხოლოდ გამბედაობასა და მაქსიმალური ძალისხმევის გაღებას შეუძლია. ამასთან, იყავით მომთმენი, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და თქვენ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მხოლოდ დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი პროფესიული თვალსაზრისით განვითარება. შესაძლოა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ  სცადეთ, დაბრკოლება აქციოთ შესაძლებლობად, რაც დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ“, - ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის 2024 წლის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში.

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები 11 რეგიონის 24 სკოლაში

მოსწავლეებისთვის განათლებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019 წლიდან საქართველოს ბანკი ბიბლიოთეკების პროექტს ახორციელებს. მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები უკვე საქართველოს 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების და შემეცნების სივრცეს.

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების გახსნის შემდეგ, გაორმაგდა და, რიგ შემთხვევებში, გასამმაგდა სკოლის მოსწავლეების მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა. 5-ჯერ გაიზარდა ბიბლიოთეკების გამოყენების სიხშირეც – აღნიშნული სივრცე გახდა მოსწავლეების საყვარელი შეკრების  ადგილი, სადაც მათ ჩამოაყალიბეს წიგნის, კინოს, დებატების, გერმანული და ქართული ენების კლუბები.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა ჩვენთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობის მომცემია. აქ შეგვიძლია  ყოველდღიურად რაღაც ახლის აღმოჩენა იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რითაც იდეათეკის ფერადი სივრცეა აღჭურვილი. შეგვიძლია წავიკითხოთ წიგნები, ვიმუშაოთ ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პროექტებზე, ვუყუროთ შემეცნებით ფილმებს და სხვა. რაც საგანმანათლებლო პროცესის საინტერესოდ წარმართვაში გვეხმარება. ამასთან, იდეათეკა, თავისი იდეით - არ გაჩერდე, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნული და გონივრული განვითარებისთვის”, – ამბობს ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ბერიძე.

STEM სკოლა - 800 მოსწავლე, 150-ზე მეტი სტიპენდიატი

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით - STEM-ით  (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მოსწავლეების დაინტერესების მიზნით, 2023 წლიდან საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. მასში მონაწილეობის მიღება VII-XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები იძენენ STEM მიმართულებით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას, რაც მათ მომავლის პროფესიების შერჩევაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 60 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს.

ამასთან, STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში განათლება 800-მა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს ბანკის სტიპენდიით კი 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტების მხოლოდ ნაწილია.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებსაც, როგორიცაა საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის - ევერესტის, კინგსის, ეკონომიკის ოლიმპიადის, საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდაჭერა. 

განათლების გზაზე არ გაჩერდე, აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge