რუსეთიდან ჩამოსულმა "ოცნების" მხარდამჭერმა ბიზნესმენმა ტინისხიდში, საარჩევნო უბანთან სუფრა გაშალა – "მთავარი"

  19:04:46     26-10-2024

შიდა ქართლში "ქართული ოცნების" აგიტატორებთან და სუს-ის მიერ მართულ პირებთან ერთად ბიზნესმენებიც დგანან და ამომრჩეველს მოუწოდებენ ხმა მმართველ პარტიას მისცენ. კერძოდ, ბიზნესმენები გორისა და კასპის სოფლებში აქტიურობენ.

კასპის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, განსაკუთრებით აქტიურობს ბიზნესმენი ბაჰადინ ალიევი (ბაჰატინა), რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. ბაჰატინა სოფლისთვის სუფრების გაშლით  გამოირჩევა. ბოლოს მან 400 კაციანი სუფრა გაშალა, სადაც  ქეიფის შემდეგ, ხალხი  მეჩეთში წაიყვანა და დააფიცა, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდნენ.

ქობულეთიდან ჩამოყვანილი ბიზნესმენი გიორგი ბესტაევი სოფელ მერეთში, კოშკასა და კარბში ცდილობს ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას. 

ასევე, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, რუსეთიდან ჩამოვიდა ბიზნესმენი ანატოლი ავაზნელი. მას, ამ დროისთვის, სოფელ ტინისხიდში საარჩევნო უბანთან სუფრა აქვს გაშლილი. 

შიდა ქართლში 250 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი. 

"მთავარი არხი"