Tank Ex ძირითადი საბრძოლო ტანკი (პროტოტიპი)
11:24:51     08-09-2011
Tank Ex-ი, იგივე MBT Ex-ი, არის კოდური სახელწოდება ინდური კომპანიის, Indian Defence Research and Development Organisation-ის (DRDO) მიერ 2002 წელს შემუშავებული ძირითადი საბრძოლო ტანკის პროტოტიპისა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ტანკი, ასევე, მოიხსენიება, როგორც „კარნა“, ტანკს ეს სახელი ერთ-ერთი ინდური ეპიკური პოემის - „მაჰაბჰარატას“ - გმირის მიხედვით ეწოდა.
ტანკში გამოიყენება T-72M1-ის შასი, ხოლო კოშკურა და შეიარაღება ინდური ძირითადი საბრძოლო ტანკ Arjun-იდან არის გადმოღებული. ტანკზე მუშაობა 2002 წელს დაიწყო და ის ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენდა. ეს პროგრამა მიზნად ისახავდა მოძველებული T-72M1-ების ტიპის ტანკების გაუმჯობესებას და ამით პრობლემის მოგვარებას. Tank Ex-მა წარატებით გაიარა გამოცდების ექვს თვიანი პერიოდი, თუმცა ის უარყოფილი იქნა ინდოეთის არმიის მიერ. ტანკის სულ მცირე ორი პროტოტიპი იქნა აგებული.
ძირითადი საბრძოლო ტანკი Tank Ex-ი მძიმე კომპოზიტური Kanchan-ის ტიპის ჯავშნითაა დაცული. ამ ჯავშანს ძალიან დიდი მსგავსება აქვს ბრიტანულ Chobham-ის ტიპის ჯავშანთან. გარდა ჯავშნისა ტანკზე დამატებითი ჯავშნის სახით შესაძლებელია დინამიკური დაცვის ელემენტების დამატება, რაც აუმჯობესებს ტანკის დაცვის ხარისხს. ტანკზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინაღმდეგო სისტემა, მისი ეკიპაჟი დაცულია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან.
ძირითადი საბრძოლო ტანკი Tank Ex-ი შეიარაღებულია 120 მმ-იანი კუთხვილულიანი ქვემეხით, ასეთივე ქვემეხი გამოიყენება ძირითად საბრძოლო ტანკ „არჯუნშიც“. ქვემეხის დატენვაც ხელით ხდება და ის, ჩვეულებრი ჭურვების გარდა, შეთავსებადია ებრაული წარმოების LAHAT-ის ტიპის მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტასთან. ტანკის საბრძოლო კომპლექტი სულ 32 ჭურვისაგან შედგება და ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად ჩამორჩება, როგორც „არჯუნს, ისე T-72-ს, რომელთა საბრძოლო კომპლექტში 39-39 ერთეული ჭურვი შედის. ამუნიციის მარაგი კოშკურაში, ეკიპაჟისაგან განცალკევებით არის მოთავსებული და ჯავშანპანელებითაა დაცული. ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელი ტანკ Ex-ს გაცილებით მეტ დაცულობას ანიჭებს, ვიდრე T-72-ს, რომელშიც ჭურვები კარუსელური ტიპის ავტოდამტენშია მოთავსებული. Tank Ex-ზე დამონტაჟებულია უმაღლესი დონის ცეცხლის მართვის სისტემა, რომელიც „არჯუნიდან’’ არს გადმოტანილი.
მეორადი შეიარაღების სახით ტანკი აღჭურვილია 1 x 7.62 მმ-იანი შეწყვილებული და 1 x 12.7 მმ-იანი მძიმე საზენიტო ტყვიამფრქვევით.
ტანკზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია დიზელის ძრავა, რომელიც 1000 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ასეთივე ძრავა გამოიყენება ძირითად საბრძოლო ტანკ Ajeya-შიც. Tank Ex დაახლოებით 47 ტონას იწონის, ამ მახასიათებლით მნიშვნელოვნად აღემატება T-72M1-ს და ჩამორჩება ინდოეთის არმიის ძირითად საბრძოლო ტანკ „არჯუნს“, რომელიც დაახლოებით 58 ტონას იწონის, მას აქვს აგრეთვე უფრო დაბალი სილუეტი, ვიდრე „არჯუნს“. ტანკის სპეციალური სიმძლავრე არც ისე დიდია და ტონაზე 21 ცხენისძალას შეადგენს, თუმცა ეს მაინც აღემატება T-72M1-ის ანალოგიურ მაჩვენებელს, რომელიც ტონაზე 20 ცხ.ძალას უდრის. ტანკზე, ძირითადი ძრვის გარდა, დამონტაჟებულია დამხმარე ძალური აგრეგატი, რომელიც უზრუნველყოფს ტანკის ძირითადი ელექტრონული სისტემების გამართულ მუშაობას, იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი ძრავა გამორთულია.
Tank Ex-ისა და T-72-ის მობილურობა ერთმანეთისაგან პრაქტიკულად არ განსხვავდება. ახლი ტანკის მაქსიმალური სიჩქარე კარგ გზაზე 60 კმ/სთ-ია, ხოლო უგზოობაზე 40კმ/სთ-ს შეადგენს.
Army.ge