კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის შუამავლობით ცდილობდა – "მთავარი არხი"
15:44:12     02-10-2024
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპთან შეხვედრას საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის შუამავლობით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. კობახიძემ ვერც რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატთან და ვერც აშშ-ის მოქმედ მაღალჩინოსნებთან მოახერხა ხელის ჩამორთმევა.
რაც შეეხება მამუკა ბახტაძის როლს, არსებული ინფორმაციით, ის ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის პარტნიორს კარგად იცნობს და სწორედ ამ კონტაქტების გამოყენებით ცდილობდა საქართველოს პრემიერმინისტრი დონალდ ტრამპთან სულ მცირე, ფოტოს გადაღებას.
ინფორმაცია, რომ კობახიძეს ტრამპთან კომუნიკაციის მცდელობა ჰქონდა და ამისთვის შუამავალს იყენებდა, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას გააჟღერა, თუმცა ვინ იყო შუამავალი - ხუხაშვილს არ დაუკონკრეტებია.
თავად ირაკლი კობახიძე ამ ინფორმაციებს არ ადასტურებს და ამბობს, რომ აშშ-ში მხოლოდ გაეროს სხდომაზე დასასწრებად და სიტყვით გამოსასვლელად იმყოფებოდა.