მთავრობა რუსული კანონის ფარგლებში რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის

  14:26:32     09-09-2024

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნის. მისივე თქმით, რუსული კანონის გამო შექმნილ რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა. 

"რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ, როგორც NGO-ები ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები, მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი ორი თვის გამავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება", - თქვა კობახიძემ.