რუსეთი მესამე და მეოთხე „მისტრალსაც” შეიძენს

  18:13:23     07-09-2011

რუსეთი კიდევ ორ „მისტრალის” აგებას გეგმავს. თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ კონტრაქტს საფრანგეთთან უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწერება ხელი.

“ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებათა მთელი პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება, თანაც მეორე და მესამე “მისტრალი” რუსეთში აიგება” – განაცხადა სერდიუკოვმა რუსეთ-საფრანგეთს შორის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.

იმისათვის, რომ გემები რუსეთში აიგოს, მოლაპარაკებათა პროცესში ჩართულია გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია, რომელიც ასევე მოაწერს ხელს კონტრაქტს. გარდა ხომალდებისა, რუსეთი იმ ტექნოლოგიებსაც ყიდულობს, რომლებიც მშენებლობისთვისაა საჭირო. ორი “მისტრალისათვის” უკვე ეკიპაჟიც მზადდება.

პირველი გემი რუსეთში 2014, მეორე კი 2015 წელს ჩავა. როგორც ცნობილია, მასზე 450 ადამიანი, 16 მძიმე ან 32 მსუბუქი ვერტმფრენის განთავსებაა შესაძლებელი. “მისტრალების” საზღვაო ფლოტში შეყვანისათვის მოსკოვი აქტიურად ემზადება. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია “ვერტალიოტი როსიი”ს “კა-52” ტიპის 140 ვერტმფრენის შეკვეთა მისცა. კონტრაქტი 120 მილიარდი რუბლის ღირებულებისაა. “მისტრალებისათვის,” აღნიშნული ვერტმფრენების პირველი პარტია 2012 წლისათვის უნდა იყოს მზად, მისი სერიული წარმოება კი 2014 წლისათვის დაიწყება.

“მისტრალების” მშენებლობაში რუსეთთან ითანამშრომლებს ნორვეგია. შესაბამისმა კომპანიებმა უკვე მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას.