ვაჰან ტერიანის „დაბრუნება“ (და რამდენიმე ლექსი)
15:24:26     07-09-2011
დიდი სომეხი პოეტი ვაჰან ტერიანი საქართველოში, ჯავახეთში დაიბადა. ის ქვეყანას მოევლინა ახალქალაქთან ახლოს, სოფელ განძაში, 1885 წლის 28 იანვარს.
ვაჰან ტერიანი განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება სომხურ პოეზიაში. მან გაამდიდრა სომხური ლექსი ახალი შესაძლებლობებით. განსაკუთრებით დახვეწილია მისი რითმი, რიტმი, მელოდია, მდიდარია მისი ლექსიკა. ის ითვლება „სომხური წმინდა ლირიკის ყველაზე ბრწყინველე ოსტატად, რომელსაც არც ლიტერატურული წინაპარი ჰყოლია და არც თავისივე სიდიდის ლიტერატურული მემკვიდრე“ (ზეზვა მედულაშვილი). ვაჰან ტერიანი ახალი სომხური პოეზიის სათავეებთან დგას და მიუხდავად იმისა, რომ მხოლოდ 35 წელი იცხოვრა, უმდიდრესი განძი დაუტოვა სომხურ ლიტერატურას.
ვაჰან ტერიანი იყო შესანიშნავი მთარგმნელი. მან თარგმნა სომხურად, როგორც ამბობენ, ძალიან კარგად, აკაკი წერეთლის, ემილ ვერჰარნის, შარლ ბოდლერის, ოსკარ უაილდის, ჰაინრიხ ჰაინეს, ვალერი ბრიუსოვისა და სხვათა ნაწარმოებები.
საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ვაჰან ტერიანის პირველი წიგნიც საქართველოში, ტფილისში გამოიცა, 1908 წელს. ვაჰან ტერიანს დაწერილი აქვს მოგონება მოსკოვში აკაკი წერეთელთან შეხვედრის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის თარგმანი (მეტი ვერ მოასწრო). ამ თარგმანისათვის მის პედაგოგს, ნიკო მარს „მზის ნატეხი“ უწოდებია.
ვაჰან ტერიანი გარდაიცვალა 1920 წლის 7 იანვარს ორენბურგში, ჭლექით. მის გარდაცვალებას წერილით გამოეხმაურა ნიკო მარი.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ დიდი სომეხი ლირიკოსის რამდენიმე ლექსს, ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ თარგმნილთ. ვაჰან ტერიანის ლექსები არა ერთ ქართველს უთარგმნია. ვაჰან ტერიანზე საუბარს სხვა დროს კიდევ განვაგრძობთ და შემოგთავაზეთ სხვა ლექსებსაც, სხვების მიერ თარგმნილთ.
აისი
(თარგმნა ჯანსუღ ჩარკვიანმა)
ველურ მწვერვალებს თავზე ვევლები,
მწვერვალთა ირგვლივ ყეფენ ქარები,
დაბლა ჯერ კიდევ თვლემენ ველები
მკაცრი სიბნელით და მდუმარებით.
მაგრამ საცაა შორეულ მწვერვალს
მზე ჩამოუყრის ოქროს ჩქერალებს,
მოევლინებათ, ვით ბედისწერა,
სხივი ლამაზი და მოელვარე.
შენც გაიღვიძებ და ამღერდები
გახარებულო, ჩემო მამულო,
შენი მთებით და შენი ქედებით
იტყვი სიმღერას სასიყვარულოს.
მთებზე სიბნელე თუმცა მზაკვრულობს,
სულში აისის სხივი ფათურობს,
სალამი ძმებო, ბედით ჩაგრულნო,
ციხის საკნებში მიმოფანტულნო.
* * *
(თარგმნა ჯანსუღ ჩარკვიანმა)
როგორც ცხადში, სიზმრად ვნახე,
ერთი ოქროს კარი ვნახე,
ზედ ფირუზის თაღი ვნახე,
თაღთან ცეცხლის სვეტი ვნახე.
თეთრი ნეკერჩხალი ვნახე,
სამოთხისა ბაღი ვნახე,
ამ თეთრ ხეზე უფრო თეთრი
ანგელოსი დავინახე.
ოქროს ღვინით მოციმციმე
სავსე სასმისები ვნახე,
ორი გამგმირავი შუბი,
ორიც მარგალიტი ვნახე.
დაჭრილი და დაჩეხილი
საკუთარი გული ვნახე,
ნათელი და ცხელი გული
სისხლით მომბზინავი ვნახე.
სახე ჩემი ჯალათისა
მდგარი ჩემივ გვერდით ვნახე,
ვუთხარ, აჰა, ეს მზე ჩემი
სისხლის ტბაში შემინახე.
დაბრუნება
(თარგმნა ჯანსუღ ჩარკვიანმა)
კვლავ მარტოობის ბნელი ციხიდან
დავბრუნდი ნაღდი, გაუტეხავი,
შემხვდა ხმაური, ლაღი, ხითხითა,
რომელიც ჩემს სულს ანთებს, შეხარის.
ო, ჩუმი ტანჯვის უძილო ღამეს
ახალმა ნატვრამ დაუნთო ცეცხლი
და სიხარულის საამო წამი
შემოდის, როგორც ჭყლოპინი მერცხლის.
ცეცხლოვან სიტყვით ყელს მოვიღერებ,
ახალ დღეების ქართან შებმული,
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერებს
შევეგებები გამარჯვებული.
ხოლო ფრთას გაშლის ოდენ სიკვდილი,
ოდეს მოდგება მტერი ქვა-ლოდით,
განთიადისას ერთს შეგიკივლებთ -
ძმებო, აღსდექით, ძმებო, გამოდით!
შემოდგომის დილის სიმღერა
(თარგმნა ჯანსუღ ჩარკვიანმა)
დღე გათენდა ისეთი
უშუქო და ჩამქრალი,
თითქოს ყველა სინათლე
უძლურ გულში ჩავკალი.
გულში ბნელა, სულშიაც
არის უიმედობა,
იქნებ სულზე მომისწრო,
იქნებ მითხრა შენდობა.
ქარიშხალი არ მიშვებს,
წვიმაც გადამეღობა,
ნუ დამტოვებ ეულად,
ჩემი სევდაც მეყოფა.