არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“ (გივი გეგეჭკორის თარგმანი)
15:23:06     07-09-2011
არტურ რემბოს ლექსი “მთვრალი ხომალდი” გივი გეგეჭკორმა თარგმნა. ქართულად ამ ლექსს მკითხველი იპოვის გივი გეგეჭკორის მიერ თარგმნილ ფრანგი პოეტების კრებულში „ფრანგული პოეზია“, 1990 წელი. ეს ლექსი თარგმნილი უნდა იყოს 1970-1980-იან წლებში.
მანამდეც არსებობდა პაოლო იაშვილის მიერ თარგმნილი იგივე ლექსი, რომელიც 1920 წელს დაიბეჭდა გაზეთში „ბარიკადი“, # 3. პაოლო იაშვილის მიერ თარგმნილ „მთვრალ ხომალდს“ სულ მალე შევთავაზებთ მკითხველს. ვფიქრობ, ორივე ვარიანტი კარგია.
დიდი ფრანგი პოეტი ჟან ნიკოლა არტურ რემბო (Jean Nicolas Arthur Rimbaud) დაიბადა 1854 წლის 20 ოქტომბერს შარლევილში, საფრანგეთში. მამა, ფრედერიკ რემბო სამხედრო იყო, ალჟირში მსახურობდა. დედას მარი კატრინ ვიტალი კიუფი ერქვა. როცა მომავალი პოეტი 4 წლის იყო, მამა ოჯახიდან წავიდა.
არტურ რემბო სწავლობდა შარლევილის ლიცეუმში. პირველი ლექსი 1870 წელს გამაქვეყნა, 16 წლის ასაკში.
„მთვრალი ხომალდი“ (Le bateau ivre), თუ არ ვცდები, დაიწერა 1871 წელს.
დიდი პოეტი გარდაიცვალა 1891 წლის 10 ნოემბერს, მარსელში. დაკრძალულია შარლევილში.
მისი შემოქმედება ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით, XX საუკუნეში.
მთვრალი ხომალდი
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
როცა მე მდორე მდინარეთა მივყევ დინებას,
ვიგრძენ, მეგზური აღარ მყავდა და ვერც მოვძებნე,
სამიზნოდ სამოსგანძარცული მებაგირენი
გაეკრათ ველურ ინდიელებს ფერად ბოძებზე.
მხოლოდ მე ვიყავ უდარდელი ინგლისურ ბამბის
და ფლამანდური ჭირნახულის იმ მზიდავებში
და როცა მიწყდა ჟრიამული, გავყევი ნაპირს
და მდინარებას მინდობილი ქვევით დავეშვი.
იმ ზამთარს ვიყავ ყრუ ყრმის ტვინზე, ვერ ამშვიდებდა
ზღვას ვერაფერი და მოქცევის იდგა ხმაური;
ასე მივქროდი! იმ კუნძულებს და იმ კიდეებს
არ მოსწრებიათ ჯერ იმგვარი დღესასწაული.
გამოვეთხოვე სიზმრებიან და მშვიდ ღამეებს,
მათამაშებდა საცობივით ზვირთის ალერსი,
ამ ბრუნვას ერქვა უსასრულოდ მსხვერპლის წამება,
ათ ღამეს კრთოდა გულგრილობა ჭრაქის თვალებში.
უტკბესი, როგორც ბავშვებისთვის ვაშლი მაჟალო,
გვამში ჩამიდგა მწვანე ზვირთი თითქოს სისხლივით,
ღვინის ნარწყევი გადარეცხა და ფრთა გაშალა,
ღუზა მოგლიჯა, საჭეს ეცა და დამიმსხვრია.
მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა
და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა
იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ
ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ისროდა.
უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,
დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ
დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,
გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი!
მე ვნახე ზეცის ჩამოქცევა, რომ იხედება
ელვა, და ზვირთი რომ ღრიალებს, ვნახე საღამო -
აღტაცებული ფრთის მოქნევა ლურჯი მტრედების, -
რაც ადამიანს ესიზმრება დაუსაბამოდ!
მე დავინახე, მზე იდუმალ ბურუსს არღვევდა,
იისფერ ზოლად დაფენილი ენთო დასავლით,
ანტიურ დრამის მსახიობთა მსგავსი ტალღები
იგრაგნებოდნენ ზღვის კიდესთან შავ ფარდასავით!
მეზმანა, თოვლი მაბრმავებდა, ზღვა თვალს ახელდა
და მიკოცნიდა ზურმუხტისფერ მწუხრში ბაგეებს,
ზღვის გაღვიძება დავინახე ჯერარნახული,
ლურჯის და ყვითლის ფოსფორული აციაგება!
მე გავყევ მთვარეს, ასკდებოდა თითქოს ღობეებს
საქონლის ჯოგი, ზღვა ბღავილით ისე მიტევდა,
ვინ იფიქრებდა, რომ შეძლებდა დღეს ღვთისმშობელი
აღმუვლებული ოკეანის კვლავ დამშვიდებას!
გაუგონარი ფლორიდები ვერ იოკებდნენ
ავაზას მზერას, მე ყვავილებს რომ შევადარე!
ზღვის ჰორიზონტზე, ჭაობისფერ ზვირთის ჯოგებზე
გადაიჭიმა ცისარტყელა, როგორც სადავე!
მხოლოდ დუღილი, უსაზღვრობა, მხოლოდ ჭაობთა
და ლელიანში აყროლება დამპალ ვეშაპთა.
ბნელ ჯურღმულებში წყლის ჩაქცევის სანახაობა
და ნიაღვრებში უცებ თვალწინ გადამეშალა!
ბრწყინვა მყინვართა, ზღვის სადაფთა, მარწყვისფერ ცათა!
იქ მეჩეჩებზე გახირული, ბალღამით სავსე
და ბაღლინჯოთა გამოჭმული წყეული ყარდა,
უზარმაზარი, წაქცეული ხეების მსგავსი!
მე რომ შემეძლოს ვაჩვენებდი ახლავე ბავშვებს
ზღვის იმ ბაჯაღლოს, იმ მომღერალ ოქროსფერ თევზებს,
ყვავილთა ქაფმა იავნანა უმღერა ზღვაში
ჩემს გატაცებას არნახული ქარების ფრთებზე.
ზღვამ მოქანცულმა განედებზე ბრძოლით, ბღავილით,
ტკბილი ქვითინი გამაგონა, რწევით დამღალა,
მესროდა ჩრდილის ამობურცულ ყვითელ ყვავილებს
და მე ქალივით დაჩოქილი ვიდეგ ამგვარად...
აბობოქრება, როგორც კუნძულს, მეხეთქებოდა,
რეცხავდა ზვირთი აჟივლებულ ჩიტების სკორეს.
ზღვის ბინადარნი ეშვებოდნენ ფსკერზე ქვებივით.
ჩემს ნაკვალევზე აქაფებდნენ ამღვრეულ მორევს!
ვიყავ მძვინვარე ქარიშხლების ფრთებით ნაცემი
და ყურეებში გახლართული, ჩემს ჩონჩხს ღრიალით
მთვრალ ოკეანეს ვერასოდეს გამოსტაცებდნენ
ვერც ალბათ ჰანზის ხომალდები იალქნიანი.
თავისუფალი, ცას იისფერ ნისლში ვხედავდი
და კედელივით მივარღვევდი და მივდიოდი,
ცა მეწამული მირონცხებულ მოლექსეთათვის
ლაჟვარდის დუჟით და მზის ხავსით იყო დიადი.
ცა დადგომოდა, მორკალული, შარავანდედად
და გახელებულ ცხენთევზების მახლდა ამალა,
ასე მივქროდი და ივლისი კომბლით ანგრევდა
ცხელ და ძაბრივით გადმომხობილ ზეცის კამარას.
მე ვკანკალებდი, ორმოცდაათ მილზე ბღაოდნენ
ბეჰემოტები, ცივ ზვირთებში რომ ინებივრეს.
ქსოვდა მალსტრემი მარადიულ ლურჯ უძრაობას
და ჩემი ფიქრი კვლავ ევროპის მისწვდა ჯებირებს!
მე დავინახე ვარსკვლავების არქიპელაგი,
ცის დარბაზები, ფრინველები სადაც სახლობენ!
მომავლის ძალას - ოქროს ჩიტებს ღამე ვერაგი
ალბათ იქ მალავს, იქ იძინებს, მის სიახლოვეს!
დიდხანს ვტიროდი! შევყურებდი დილას მრისხანეს
და გულშემზარავს, მზეს მცხუნვარეს, მთვარეს საშინელს,
ვარ სიყვარულით უსასოო, დე, დამიმსხვრიოს
ზღვამ ხერხემალი და ახლავე დამნთქას ზღვაშივე!
მე მსურს ევროპის მხოლოდ გუბე; იქ, იმ გუბეში,
როცა მზე წითლად ჩამავალი ღებავს დასავლეთს,
გემს უშვებს ბიჭი, ნაღვლიანი და უნუგეშო,
აფარფატებულს გაზაფხულის პეპელასავით.
მე, თქვენთან ნარწევს და განბანილს, ახლა, ზვირთებო,
როდესაც მზერა პონტონების ასე ახლოა,
არ შემიძლია გამოვუდგე ბამბის მტვირთავებს
და არც დროშების ავიტანო ის ქედმაღლობა.