საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება
14:32:46     23-07-2024
საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, პარტნიორი ბიზნესების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5 მილიონ ლარს შეადგენს და ის ახალი პროექტის განსახორციელებლად ძირითადი საშუალებების შეძენას მოხმარდება.
ვილა მოსავალი თბილისიდან 30 წუთის სავალზე, მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი 1 ჰა ფართობზე, რესტორნისა (ივენთ ჰოლი) და კიდევ ერთი განსაკუთრებული აუზის მშენებლობა იგეგმება.
„საქართველოს ბანკი, ბიზნესებს ახალი პროექტების განხორციელებაში აქტიურად უჭერს მხარს. ტურიზმის განვითარება კი ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ვილა მოსავალთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ. მოხარულები ვართ, რომ კომპანია წლიდან წლამდე ძლიერდება და ვითარდება, რასაც აღნიშნული პროექტიც მოწმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი კიკალიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ვილა მოსავალის გაფართოების პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც, უნივერსალური ინდუსტრიული კომპონენტის პროგრამით, სესხის პროცენტის სუბსიდირებას უზრუნველყოფს.