პარლამენტი ავტოპარკის განახლებას გეგმავს – გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 712 230 ლარია

  17:59:19     12-07-2024

საქართველოს პარლამენტის მომავალი მოწვევისთვის, პარლამენტის აპარატი გეგმავს მის ბალანსზე არსებული ამორტიზებული ავტომანქანები ჰიბრიდული ავტომობილებით ჩაანაცვლოს. შესაბამისი განცხადება დღეს, 12 ივლისს გავრცელდა. 

გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 712 230 ლარია, საიდანაც თავად ავტომანქანების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5 557 800 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა 1 154 430 ლარი წარმოადგენს 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურების (საწვავი და ტექნიკური მომსახურება) საპროგნოზო ჯამურ ხარჯს.

აპარატი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით მათ ბალანსზე ირიცხება 89 ერთეული მანქან (მათ შორის საპროტოკოლო, სამორიგეო და სამგზავრო მიკროავტობუსები დელეგაციების მომსახურებისთვის), რომელთაგანაც უმეტესობა 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ღონისძიების შემდეგ, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადმოცემული, უკვე ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომანქანები და ასევე 2007-2013 წლებში შეძენილი სხვადასხვა მარკის ავტომანქანაა.

მათივე განცხადებით, ბალანსზე არსებული ავტომანქანების უმეტესობას გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მათი საბალანსო ღირებულება განულებულია.

"წლების მატებასთან ერთად, გაზრდილია ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი (საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 12-15 ლიტრს, ხოლო შეკეთების საშუალო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე შეადგენს 5000 ლარს), რაც თავის მხრივ გამოწვეულია ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ცვეთით (ავტომანქანების საშუალო გარბენი შეადგენს 300,000 კმ).

მიღებული გადაწყვეტილებით, ამორტიზებული ავტოპარკის ჩანაცვლების, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის და გარემოს მიმართ ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით, პარლამენტის აპარატი გეგმავს, 2025 წლისთვის, არსებული შიდა წვის ძრავიანი 60 ერთეული ამორტიზებული ავტომანქანის ჩანაცვლებას ჰიბრიდული ტიპის ავტომანქანებით.

აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 4-6 ლიტრს (ეკონომია - 8-9 ლიტრი), ხოლო ტექნიკური მომსახურების სავარაუდო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე - 700-1000 ლარს (ეკონომია ერთ ავტომანქანაზე მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ნაწილში შეადგენს დაახლოებით 4 000 ლარს)"- წერია განცხადებაში.

შესყიდვის პროცედურებისა და საქონლის მოწოდების გრაფიკის მიხედვით, შეძენილი ავტომანქანები ექსპლუატაციაში შევა 2025 წლიდან, მომდევნო, მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის.

შესყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ, ამორტიზებული ავტომანქანები გადაეცემა ქონების მართვის სააგენტოს შემდგომი რეალიზაციის მიზნით.