ხვალ, თიბისის მხარდაჭერით პრემია “ელისოს” დაჯილდოვება გაიმართება

  14:40:08     13-06-2024

საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემია „ელისო“ ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა.   გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან:  საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. 

 

დაჯილდოება ხვალ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება. 14 ივნისს ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წელი სრულდება და ტრადიციულად ამ დღეს  ნატოობაც აღინიშნება.  

 

პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა,  ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, ლიმიტირებული ნომინაციებით იმართება.  ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის არიან ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და სხვა. 


„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.  ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალის ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  ელისოს როლს ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს.

 

“ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი. მთავარი პარტნიორები კი არიან  გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, თეგეტა, კოკა-კოლა, გალფი, სარაჯიშვილი და სხვა.