SOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიმართება
11:26:44     10-04-2024
11-14 აპრილს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება - „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა“ (TAF) ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გაიმართება. TAF-ის გენერალური სპონსორია SOLO.
ბაზრობა ფართო აუდიტორიისთვის 11 აპრილს, 17:00 საათიდან გაიხსნება და მისი დათვალიერება 14 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ღონისძიება თბილისში შეკრებს ხელოვანებს, გალერეებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, იხილოს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებული გამოფენები, მონაწილეობა მიიღოს მასტერ კლასებში, დაესწროს Art Talk-ებს და მრავალფეროვან პარალელურ პროგრამას.
წელს გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში კი 45 ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარდგენილი.
„თბილისის ხელოვნების ბაზრობის წლევანდელი გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ პროცესებზე, სადაც მთავარი შთაგონების წყარო მასალაა; აჩვენებს იმ ხელოვანების შემოქმედებით გზას, რომლებიც სხვადასხვა მედიუმის ულევი შესაძლებლობების დახმარებით, წარმოსახვას რეალობად აქცევენ. TAF ის პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებას მნიშვნელოვნად აფასებს და იმ „გამომგონებელ“ ხელოვანებს წარადგენს, ვისთვისაც მასალა და მისგან წამოსული პროცესები მათ შემოქმედებას განსაზღვრავს და ვისთვისაც, თანამედროვე ხელოვნების ინოვაციურ პროცესებთან მოსარგებად, ჩვეული ნორმების ახლებურად გადაწერა, უცხო სულაც არ არის. TAF 2024-ის მონაწილე ხელოვანები ტრადიციებსა და სიახლეებს, ისტორიულ წარსულსა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის არსებულ კავშირზე გვიამბობენ, საუკუნისდროინდელ ტექნიკურ მეთოდებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან და ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს აფასებენ“, - აღნიშნავენ TAF-ის გუნდში.
„SOLO კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ხელოვნების ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინიციატივის ფარგლებში, ExpoGeorgia-ს საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტების ნამუშევრები, რომლებსაც ლოკალური და საერთაშორისო გალერეები წარადგენენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ხელოვანების ახალ ნამუშევრებს და აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ნიმუშები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა, ხელს შეუწყობს ქართველი არტისტების ხელოვანთა საერთაშორისო ქსელში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას და ამასთან, უკეთ გააცნობს ქართულ ხელოვნებასა და კულტურას საერთაშორისო დონის გალერეებს, მათ წარმომადგენლებსა და არტისტებს“, - აღნიშნავს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
TAF 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი არტისტების კურირებული გამოფენების, მასტერ კლასების, Art Talk- ების და მრავალფეროვანი პარალელური პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიისთვის ღია იქნება 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე, 12-14 აპრილს კი 12:00 საათიდან 20:00 საათამდე.