"(ივანიშვილს) პირადად უთქვამს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი რა უზნეობის მორევშია საპატრიარქო, უბრალოდ მჭირდება რეიტინგული ეკლესია, რადგან არჩევნებია" - პეტრე ცაავა
23:11:57     15-02-2024
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცრუ ქრისტიანული ხელისუფლება და ცრუ ქრისტიანული საპატრიარქო ებრძვის. ის იხსენებს "ქართული ოცნების" დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან საუბარს და ამბობს, რომ მას მიუღებლობა და აგრესია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რაც ხდება საპატრიარქოში.
მეუფე იხსენებს, რომ ივანიშვილმა მილიონები დახარჯა სამების ტაძრის მშენებლობაში, თუმცა ტაძრის გახსნაზე არ მივიდა, მისი აღმშენებელი კი ციხეში "ჩაასმევინა იმდენი ფული მოჰპარეს". ცაავა ამბობს, რომ 2012 წელს ივანიშვილს რეიტინგული ეკლესია სჭირდებოდა, რადგან საარჩევნო წელი იყო.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ ახლაც ყველაფერი მომავალ არჩევნებთანაა კავშირში. ის არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს მოლაპარაკებები ჰქონოდა საპატრიარქოსთან მამალაძის შეწყალებაზე და ხელისუფლებამ მას დაასწრო.
"ვინ ებრძვის მას [დეკანოზ გიორგი მამალაძეს] შვიდი წელია, ცრუ ქრისტიანული ხელისუფლება და ცრუ ქრისტიანული საპატრიარქო. ეს იყო სახე, რამდენად ბოროტს ურთიერთობაში არის შესული, ათქვეფილი ამ სიბინძურეში, ცრუ ქრისტიანობის რაღაც ნიაღვარში საერო და საეკლესიო ხელისუფლება.
ადამიანმა, რომელმაც სამება ააშენა, დააფინანსა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, ათობით მილიონი ამაში გადაიხადა, სამების გახსნაზე, კურთხევაზე არ მოვიდა, უფრო მეტიც, სამების გახსნის დროს, მისი აღმშენებელი აწგანსვენებული ადამიანი, საპყრობილეში ჩაასმევინა, იმდენი ფული მოჰპარეს და იმდენად იყო მისგან აგრესია საპატრიარქოს ამ ცრუ ქრისტიანობის მიმართ.
როგორც პირადად ჩემთან, პირად ურთიერთობაში უთქვამს, რომ მეუფე შენზე მეტი ვიცი, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ რა უზნეობის მორევშია საპატრიარქო, უბრალოდ მე მჭირდება რეიტინგული ეკლესია, იმიტომ რომ არჩევნებია. ვერ იტანენ ამ საპატრიარქოში ჩაბუდებულ ვერცხლისმოყვარე ცრუ ქრისტიანებს, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ და ღიად მაინც დაპირისპირებაში არ შედიან. ბუნებრივია 2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს ბევრად მეტად უჭირს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ უფრო მეტად მონდომებულია, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა წინასწარ მოიგერიოს, ამიტომ სვლა, რა თქმა უნდა, უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს", - თქვა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, რომ 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 14 თებერვალს გათავისუფლდა. დეკანოზმა პირველ კომენტარში თქვა, რომ ბრძოლას გააგრძელებს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა.