ოთარ ჭილაძის გახსენება (რამდენიმე ლექსი)
10:58:08     05-09-2011
იქნებ მოგენატრათ ოთარ ჭილაძე. ერთ თვეში 2 წელი შესრულდება მისი გარდაცვალებიდან.
ერთ ჩემს უნივერსიტეტელ მეგობარს ვკითხე, კარგ პოეტებს ხომ არ იცნობ-მეთქი. - ერთს ვიცნობდი, ოთარ ჭილაძეს და გარდაიცვალაო- მიპასუხა.
ღმერთმა ნუ ქნას კარგი პოეტები დაილიოს საქართველოში. ოთარ ჭილაძე კი გარდაცვალების მერეც ცხოვრობს თავის შემოქმედებასთან ერთად...
ჩარგალში იყო ასული და „პეშვებით უნდოდა წამოეღო“ ვაჟა-ფშაველას მშობლიური კუთხიდან ჩანჩქერის წყალი... მერე თითქოს ბარიდან მთებს მიაშურა და „მთას შერჩა როგორც ღრუბელი“... მერე „თვალსა და ხელებს შუა გავიდა ზაფხული“... მართალია ყველაფერი უცებ იცლება, „როგორც ჭიქა“, მაგრამ მაინც „კვლავ იმ პირველ ელდით იყო სავსე“ ... როცა „მეფეებივით ფიქრობდნენ ღრუბლები, ცაში ავიდა თითქოს“... „იქნებ მსუბუქი ფრთებით მიფრინავს ცაში...
მისი ლირიკა კი ბარშია. ჩვენც გავიხსენოთ, ნაწილი მაინც, მერე კიდევ...
* * *
მოვედი - მენახა - ბედმა მარგუნა -
ეს მთები, უშენოდ გულგათანგული,
სოფელი ჩარგალი, მდინარე ჩარგულა
და შენი სახლი - ხეებში ჩარგული.
მოვედი, რომ ბარში პეშვებით წამეღო
ჩანჩქერი - შენს კლდეზე ცრემლად რომ იღვრება -
და ერთხელ კიდევ მეგრძნო და გამეგო
ფშაველი ღმერთკაცის მოთქმა და სიმღერა.
(1950)
* * *
მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი,
ღამემ მიშველა - ბებერმა,
ქარი ქრის, ქარი უბერავს,
ცახცახებს ცეცხლის პეპელა.
მთაო, ნუ ჩამოილევი
და თავზე შემოგევლები,
არ დააფეთო ირმები
და ნისლის მძიმე მტევნები.
ელავენ კლდეთა კბილები.
ვსუნთქავ ნაპრალთა ნასუნთქარს.
მთაო ნუ ჩამოილევი,
არაგვს მინდორი რად უნდა...
ქარი ქრის, ქარი უბერავს,
ცაცხახებს ცეცხლის პეპელა.
მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი,
ღამემ მიშველა - ბებერმა.
(1950)
* * *
ძალიან მალე იცლება ჭიქა,
ძალიან მალე იღლება თვალი,
ძალიან მალე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.
მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ -
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.
და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე,
ვით ციხე - მტრებით გარემოცული...
თუმცა, თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.
(1950)
* * *
სიცოცხლის ხმაზე შრიალებს მუდამ
ხე - რტონათელი, რტოდ თაფლული...
თვალსა და ხელს შუა მწიფდება თუთა,
თვალსა და ხელს შუა გადის ზაფხული.
და ყანა ამბობს - ჩურჩულით - დროა!
დამწყდა ფეხები... დამწყდა ფეხები...
ქარს შემოდგომის სურნელი მოაქვს
და გასცქერიან შარას ბეღლები.
(1952)
* * *
ცა დადაბლდა. გარეთ უკვე ცივა,
მავთულებში სველი ქარი წივის.
გადიქროლა წეროების მწკრივმა,
სურნელება დამიტოვა წვიმის.
სხვა დრო იყო, როცა ჩემი ჭერიც
ბზრიალებდა... სხვა დრო იყო მაშინ.
ახლა დამაქვს შემოდგომის ფერი
და ფოთოლი ჩარჩენილი თმაში.
(1953)
* * *
იღვიძებს ხნულში გამთბარი თესლი
და ვხედავ, როგორ იზრდება ყანა,
არათუ ვხედავ, არამედ მესმის -
თითქოს მთებიდან ბრუნდება ფარა.
მისჩერებია ცას სველი ღალღა,
ჰაერში თრთიან ლანდები ხეთა,
ვიღაცა მღერის მდინარის გაღმა,
რა კარგად მღერის... ვინ მღერის ნეტავ?!
(1954)
* * *
ჩამოუქროლებს თელიანს ძერა,
ჩიტები ცაში აირევიან.
ბალახში ვწევარ,
ბალახი ღელავს,
მზეა... სითბოა... ყვავილებია...
თითქოს ვიპოვე შვილმა მშობელი,
თითქოს ვიპოვე შვილი მშობელმა...
ბალახში ვწევარ,
ბალახი ღელავს
და სადღაც მღერის ჭრიჭინობელა.
(1954)
* * *
თითქოს გაშალა ლეკმა ნაბადი
და ზედ ქისიდან დაყარა ოქრო -
ცა ვარსკვლავებით გაივსო უცებ,
გაჩინარდა გზა - ოკრო-ბოკრო.
ტყეს შეუნახავს დილის სურნელი,
როგორც ძველ რვეულს - პირველი ლექსი.
ფეხქვეშ შემკრთალი ნეშო შრიალებს
და ცის ოდნავი შერხევაც მესმის.
(1954)
მეფეებივით ფიქრობენ მთები...
მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...
ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.
კაცი არა ჩანს, რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.
ბავშვი უკრავდა
ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
უცახცახებდა პატარა მხრები.
გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით,
თავგანწირულად დნებოდა თოვლი.
ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი,
როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი.
და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,
მაინც ამაყად ეჭირათ თავი.
ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი,
ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც
თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.
ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები,
და სტუმრებისთვის უხილავ ცაში
მსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვი
და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით.