,,თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამა წარმატებით დაასრულა
14:51:41     06-12-2023
,,თეგეტამ” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭრით, 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის განთავსება სრულად და წარმატებით დაასრულა. გალტ & თაგარტი არის ამ გარიგების ექსკლუზიური ორგანიზატორი. აღნიშნული ტრანზაქცია პირველ მულტისავალუტო პროგრამას და ასევე, პირველ, ევროს კორპორატიული ობლიგაციების ემისიას წარმოადგენდა საქართველოში.
“თეგეტას” მიერ, $30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის პროგრამა 3 ინდივიდუალურ ემისიად დაიგეგმა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 2023 წლის აპრილში პირველად გამოუშვა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული, 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს 2-წლიანი ობლიგაციები, ხოლო ამავე წლის დეკემბერში გამოუშვა და სრულად განათავსა 4 მილიონი ევროს 2-წლიანი ობლიგაციები. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულ წლიურ 8.50%-ს შეადგენს, ხოლო ევროში დენომინირებული ორივე ტრანზაქციისთვის - 7.00%-ს. „თეგეტას“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდა ჰოლდინგის არსებულ საბანკო სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის დაფინანსების პირობები, მათ შორის, ვალდებულებების ვადიანობის და ლიკვიდურობის პროფილი.
„გალტ & თაგარტი“ წარმოადგენდა „თეგეტას“ ექსკლუზიურ განთავსების აგენტს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების სრული პროგრამისთვის და ამასთან, ერთადერთ საინვესტიციო ბანკს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე, ევროში დენომინირებული ობლიგაციების შეთავაზება გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიმართ და განსაკუთრებით, ევროს ობლიგაციების შეთავაზებებისთვის, საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად ობლიგაციები შეძენილი აქვს 194-მდე ქართველ და უცხოელ ფიზიკურ პირს, რაც ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს (აქედან, 80-მდე წარმოადგენს ევროს ობლიგაციების ინვესტორს).
„თეგეტა“ კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. მან ფიზიკური ინვესტორებისთვის შეთავაზებული ამ საბოლოო ემისიით ფასიანი ქაღალდების მე-6 ემისია განახორციელა.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „წელს ეს უკვე „თეგეტას“ მეოთხე ემისიაა. აღსანიშნავია, რომ თეგეტას ფასიანი ქაღალდების მიმართ მოთხოვნა ბაზარზე 2-ჯერ დიდი იყო ვიდრე შეთავაზებული მოცულობა. ეს ფაქტი მაღალ ნდობასა და კომპანიის მიმართ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს. „თეგეტას“ სამომავლო სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების განთავსება უცხოურ ვალუტაში მოხდა. ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს უცხოურ ბაზრებზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას. ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. „თეგეტასათვის“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ერთი მხრივ, ეს ფინანსურად მომგებიანია კომპანიისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, კი ნათლად აჩვენებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს“.
ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ წარმოადგენდა პირველი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში და ქვეყნის უმსხვილეს საავტომობილო ჰოლდინგურ კომპანიას, „თეგეტა ჰოლდინგს“ შესაძლებლობა მისცა წარმატებით გამოეშვა ქვეყანაში პირველი, ევროში დენომინირებული კორპორატიული ობლიგაციები. ვიმედოვნებთ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი მსგავსი, ბაზრისთვის ინოვაციური გარიგება წარმატებით განხორციელდება. ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ კომპანიებისთვის დაფინანსების სტრუქტურის გაუმჯობესება და დივერსიფიკაცია კონკურენტულ პირობებში. ხაზს გავუსვამ, რომ „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი საინვესტიციო ბანკია, რომელსაც უნიკალური გამოცდილება აქვს სავალუტო ობლიგაციების გამოშვება-განთავსებაში. ჩვენ საინტერესო გეგმები გვაქვს უახლოეს მომავალში. ვფიქრობთ, არაერთ სხვა საინტერესო პროდუქტს შევთავაზებთ როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ასევე კომპანიებს.“
შპს „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ:
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/Tegeta
სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:
სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge