ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედია – სატვირთოს მძღოლს, რომელმაც არასრულწლოვანი იმსხვერპლა, ბრალდება წარედგინა
13:08:00     24-11-2023
პროკურატურამ ორთაჭალაში სატვირთოს დაგორების შემთხვევაზე, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს, თბილისში, ვ.გორგასლისა და ბ.კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე დაიღუპა.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - ნათქვამია განცხადებაში.