"ქართული ოცნება" წულუკიანს პრეზიდენტობისთვის, კალაძეს კი პრემიერობისთვის ამზადებს
14:36:33     20-11-2023
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" თეა წულუკიანს ქვეყნის პრეზიდენტობისთვის, კახა კალაძეს კი პრემიერ–მინისტრობისთვის ამზადებს:
"მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასდროს, არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ არჩევნებამდე, უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, იმიტომ, რომ სჭირდებათ პრაქტიკულად შიგნით გადაჯგუფება, მთავარია არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას. კალაძეც ყურებით ჰყავს რუსეთს დაჭერილი, განსაკუთრებით "გაზპრომის" კონტრაქტით და მთელი იმ კორუფციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო", – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.