ადამ მიცკევიჩის რამდენიმე სონეტი
13:18:35     03-09-2011
დიდი პოლონელი პოეტის სონეტები განსაკუთრებულად მშვენიერია.
საქართველოში სონეტი ძალიან უყვარდათ და ქართული სონეტი უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს კიდეც ჩვენმა სახელოვანმა პოეტება. სონეტს არა ერთი წერილი თუ გამოკვლევაც უძღვნეს ჩვენთან.
ასევე განსაკუთრებული რუდუნებით თარგმნიდნენ სონეტებს და საერთოდ, დიდი შემოქმედების პოეზიას.
ადამ მიცკევიჩი ყოველთვის პოპულარული იყო ჩვენთან. ჩვენი და პოლონეთის ბედი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე დიდებული ქვეყანა იყო წარსულში და მერე ორივე ქვეყანას მეზობლებმა შემოგვიტიეს და დაგვანაწევრეს. ორივე ქვეყნის შვილებს განსაკუთრებულად უყვარდათ თავისუფლება და არა ერთ თავდადებულ, თავგანწირულ ადამიანებს იცნობს ჩვენი ისტორია. ორივე ქვეყანა დიდი სასოებით შესცქეროდა ქრისტიანობას და მესიანისტური იდეოლოგია გადარჩენაში ეხმერებოდა პოლონეთსაც და საქართველოსაც. ორივე ქვეყანაში ძალიან უყვართ პოეზია...
დღესაც, პოლონეთსაც და საქართველოსაც ერთი და იმავე პრობლემა აქვს. უნდათ ახალი ცხოვრების აშენება, კულტურის განვითარება, თავისი მისახლეობის სულიერი და ეკონომიკური წინსვლა.
პოლონელი ხალხი დიდი პატივს სცემს ქართველობას, ქართველებიც ძალიან ვაფასებთ პოლონელებს.
პოლონური კულტურა, პოლონური პოეზია ყოველთვის ძალიან ახლობელი იყო ჩვენთვის და ქართველი მთარგმნელები დიდი ხანია მშობლიურ ენაზე გვაზიარებენ პოლონურ შედევრებს.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ გავიხსენოთ დიდი პოლონელის, ადამ მიცკევიჩის რამდენიმე სონეტი.
მოგონება
(თარგმანი იორამ ქემერტელიძისა)
ლაურა, გახსოვს ის დღეები უნეტარესი,
როს მოლოდინით იყო სავსე ყოველი დილა,
სულ ერთმანეთის ფერებაში და სულ ალერსში
ვერც კი ვხვდებოდით, გადიოდა დრო ისე ტკბილად.
გახსოვს ის ბაღი, ხეივანი, თბილი ბულული,
და ნაკადული - იდუმალი და უცნაური,
და ღამეული ჩვენი მღვიმე - მთლად დაბურული,
სად მყუდრო ღამის შემოჰქონდა სიოს ხმაური.
და ქათქათა მკერდს გინათებდა მთოვარე თეთრად,
თმას გიწეწავდი და შიგ სახეს ვმალავდი განგებ
და შენი გულის ღვთაებრივი მესმოდა ფეთქვა...
ო, მოგონება იმ წუთების გონს მირევს დღესაც:
ასეთ დროს ლოყა ლოყას ეძებს და ბაგეს - ბაგე,
და სუნთქვას სუნთქვა იმეორებს და კვნესას - კვნესა.
ლაურასადმი
(თარგმანი თედო ბექიშვილისა)
გნახე თუ არა, აღტაცება ვიგრძენ როგორი!
შენ დაგეძებდა სული ჩემი, ალბათ, აქამდის!
ხარ ვით ყვავილი გაზაფხულის ხელით ნახატი,
ვით გასაშლელად შეღერილი ვარდის კოკორი!
ოდეს ამღერდი, თავი ჩემი ვეღარ ვიცანი,
გაივსო სული ზუციური რამ ნეტარებით.
შენ - ანგელოზმა, გამოაღე ზეცის კარები
და ციდან ცოდვილთ გადარჩენის მოგვეც ნიშანი.
ო, სასურველო, გევედრები, მამცნე სიმართლე,
რომ თუ ხმა ჩემი, მზერა ჩემი გაღელვებს შენაც,
სხვა სიახლოვეს მე, ცოდვილი, აღარ ვინატრებ.
დე, ახდეს მაშინ, რასაც ხვედრად მარგუნებს ზენა,
დე, სხვას გაუყავ სარეცელი (რას ამბობს ენა)!
იმ ქვეყნად მაინც ვერვინ გაგვყრის, სულის სინათლევ!
* * *
(თარგმანი თედო ბექიშვილისა)
ხმამაღლა ვფიქრობ, ოდეს მარტო მივყვები შარას,
ხალხში ვდუმარებ, ხან მერევა სიტყვა ბლუსავით,
თავბრუდასხმული ვერ ვახერხებ ხალხთან მუსაიფს,
მხრებს იჩეჩავენ: „ნეტავ ჭკვაზე ხომ არ შემცდარა?“
ასე წამებით მისდევს ერთურთს დღეების წყება,
ხოლო უდაბურ, ჩაჟამებულ ღამის წინ მდგარი
მივესვენები სარეცელზე, ვით ცოცხალ-მკვდარი,
რომ ძილში მაინც მოვიპოვო მცირედი შვება.
მაგრამ ამაოდ, წამომაგდებს ბოღმა და ბრაზი,
გულში ვზეპირობ სიტყვებს მწარეს, სასაყვედუროს,
რომ გულქვაობის საზღაურად მეც ვიყო მკაცრი.
გნახავ თუ არა, მავიწყდება, რატომ გემდური,
მოულოდნელი აღტაცებით გული მშვიდდება,
ხოლო ხვალ ისევ მწუხარე ვარ და უბედური.
* * *
(თარგმანი იორამ ქემერტელიძისა)
ხარ მიამიტი გამოხედვით, საუბრით... მჯერა
არც ვის აცდუნებ სიკეკლუცით და სილამაზით;
ხიბლავს სუყველას ეგ შენი ხმა და შენი მზერა,
დედოფალს ჰგავხარ სულ უბრალო მწყემსის კაბაშიც.
ერთი ამბავი ჰქონდათ აგერ შენს ტოლებს გუშინ,
რა არ იმღერეს, ქირდეს, აქეს, მოგეცა ლხენა, -
ამოალაგა ყველამ, ვისაც რა ჰქონდა გულში,
მაგრამ როგორც კი შენ გამოჩნდი, დადუმდა ყველა.
ო, ასე იყო იმ მეჯლისზეც! თავბრუდამხვევად
დუღდა დარბაზი, მაგრამ უცებ რაღაც მიზეზით
შეწყდა მისიკა და უეცრად ყველა გახევდა.
დადგა სიჩუმე... ამიტანა უცებ ცდუნებამ,
ვთქვი: ანგელოსი შემოფრინდა! მაგრამ ვის ესმის!
იდგა ყველა და გარინდული შენ გიყურებდა.
მორჩილება
(თარგმანი თამაზ ჩხენკელისა)
უბედურია, ვინც ტრფიალი ცრემლად იწვნია,
ვინც განიძარცვა ვნებისაგან, გადიქცა მიწად,
და კიდევ მეტად უბედური იგია, ვისაც
უყვარდა წინათ და იგი ვერ დაუვიწყნია.
როცა ხიბლავენ მას თვალები, მრუში, ციმციმა -
მოგონებები, ვით ღრუბლები ავდრიან ცისა
წამოვლენ გუნდად, მოჰგრაგნიან ოცნებას მისას
და იგი ნისლი ხსოვნამ ვეღარ გადაიწვიმა.
უარყო სხვები... გულზე ჭმუნვის მოიდო ხავსი,
როცა სასოთა უებარი დაემსხვრა თასი.
მას ახლა ჩუმად ეპარება ბინდი გვიანი.
გული აქვს ზღუდეშემუსვრილი ტაძარის მსგავსი,
სად ყოველივე მტვრად აღგვილა, სად მადლიანი
არა ზის ღმერთი და ვერ შედის ადამიანი.