თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სენტიმენტებსა და აშშ დოლარის მაღალ განაკვეთებს შემოდინებები აბალანსებს

  15:44:20     14-11-2023

ბოლო დღეების განმავლობაში, ლარი მცირედით გამყარდა. უახლესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა, რომ დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის მხრივ, 9 ნოემბრის მდგომარეობით, ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტად ზრდა იკვეთება. თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველს შევახსენებთ თიბისი კაპიტალის ადრინდელ შეფასებას, რომ მართალია სავალუტო შემოდინებების სეზონურობა არსებობს, თუმცა თუკი ბაზრის მონაწილეები ლარის კურსის სეზონურობას მოელიან, ამ ტენდეციას ადგილი აღარ ექნება. როგორ უნდა მივხვდეთ აქვს თუ არა მსგავს მოლოდინებს ადგილი? სესხების და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის გარდა, რაზეც, თავისთავად, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, ყველაზე მარტივი გზა მათი განწყობებია, ვინც სავალუტო ბაზარზე მეტნაკლებად აქტიურია. საკუთრივ, თუ ბევრი ფიქრობს, რომ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი ექნება, ეს ხშირად, თუ ყოველთის არა, სწორედ საპირისპიროზე მიუთითებს. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. არჩევნების შემდგომ, და ზოგადად, გაუფასურებისა და გამყარების მოლოდინებთან დაკავშირებით.

 

თავისთავად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ასევე, ძირითადად აშშ დოლარის მაღალი საერთაშორისო განაკვეთების გამო, ბოლო პერიოდში იკვეთება ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის შემცირება. ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრისა და მითუმეტეს ნოემბრის შესაბამისი მაჩვენებლები ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება, სავარაუდოდ სწორედ წმინდა სავალუტო შემოდინებების შედეგია. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე სებ-ის ფაქტორიც გასათვალიწინებელია, თუმცა თიბისი კაპიტალის შეფასებით, არ გვახსენდება ეპიზოდები, როდესაც გამყარება ან გაუფასურება, ინტერვენციის შედეგი ყოფილა, რადგანაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში, ინტერვენციები უფრო მეტისმეტი მერყეობის თავიდან ასაცილებლადაა გამიზნული, ვიდრე გაცვლითი კურსის მიმართულების განსაზღვრისათვის.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.