დიაბეტი და მისი კონტროლის მეთოდები – ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ბიბილაშვილი
12:36:05     14-11-2023
დიაბეტის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება და მისი მიზანია მოსახლეობის დიაბეტის დაავადებაზე ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება.
დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოში.
მსოფლიოში 10 ზრდასრულიდან ერთს დიაბეტი აქვს.
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ექიმი ენდოკრინოლოგი - ნინო ბიბილაშვილი დიაბტის შესახებ გვესაუბრება:
- რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა და დროული დიაგნოსტიკა დიაბეტის დროს?
- შაქრიანი დიაბეტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც მის დროულ აღმოჩენასა და მკურნალობას ართულებს, ხოლო ხანგრძლივი მიმდინარეობისას მრავალ გართულებას იწვევს.
მიეკუთვნება ისეთ ქრონიკულ არაგადამდებ დაავადებათა რიცხვს, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას, ჯანმრთელობის სისტემებსა და საზოგადოებას. ითვლება, რომ მსოფლიოში ყოველ მეორე ადამიანს აქვს არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი ( ტიპი 2 უმეტესად). ასე რომ შაქრიანი დიაბეტის დროულ დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია.
- რა არის გლუკოზა და რა როლს ასრულებს ის ორგანიზმის ფუნქციონირებაში?
- გლუკოზა - ეს არის მარტივი ნახშირწყალი, რომელიც ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს … ფაქტიურად არის საწვავი ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ჩვენი საკვების დიდი წილი შედგება სხვადასხვა ტიპის ნახშირწყლებისგან ( ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული….), რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უნდა დაიშალოს გლუკოზამდე, რაც სისხლის ნაკადში მოხვედრის შემდეგ მიაღწევს უჯრედამდე.
- სისხლში შაქრის რა მაჩვენებელი მიიჩნევა ნორმად?
- გლუკოზას კვლევა უზმოზე:
უზმოდ ითვლება მდგომარეობა, როდესაც ბოლო კვებიდან გასულია მინიმუმ 8 საათი.
- ნორმალური მაჩვენებელი: 70 – 99 მგ/დლ (3.9 – 5.5 მმოლ/ლ)
- პრედიაბეტი: 100 -125 მგ/დლ (5.6 – 6.9 მმოლ/ლ)
- შაქრიანი დიაბეტი: > 126 მგ/დლ ( 7 მმოლ/ლ)
- გლუკოზას კვლევა ჭამიდან 2 საათში:
- ნორმა: < 140 მგ/დლ (7,8 მმოლ/ლ)
- პრედიაბეტი: 140 – 200 მგ/დლ ( 7,8 – 11,1 მმოლ/ლ)
- შაქრიანი დიაბეტი: > 200 მგ/დლ (11,1 მმოლ/ლ)
- რამდენი ტიპის დიაბეტი არსებობს და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?
- შაქრიანი დიაბეტი, როგორც აღვნიშნე არის ქრონიკული დაავადება, რომელიც სისხლში გლუკოზის დონის მატებით არის განპირობებული. ძირითადად გამოყოფენ 2 ტიპს : ტიპი 1 და ტიპი 2 . მიუხედავად იმისა რომ ორივე დაავადების საერთო ნიშან-თვისება შაქრის დონის მატებაა სისხლში, ეს ორივე ტიპი სრულიად განსხვავებული დაავადებაა.სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს ჰორმონი ინსულინი, კერძოდ იგი უზრუნველყოფს სისხლიდან უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტს და ათვისებას. ტიპი 1 -ის დროს საერთოდ არ გამომუშავდება ინსულინი, ხოლო ტიპი 2-ის დროს ინსულინი გამომუშავდება და უმეტესად ნორმაზე მაღალიც არის, მაგრამ პერიფერული ქსოვილების მგრძნობელობაა დაქვეითებული. გარდა ამ ორი ძირითადი ტიპისა, კიდევ არის გესტაციური ანუ ორსულთა დიაბეტი და მეოთხე ჯგუფი -სხვა დასხვა მიზეზებით გამოვლენილი სპეციფიური ფორმები
- რა ნიშნებით ვლინდება შაქრიანი დიაბეტი?
- შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
ხშირი და დიდი ულუფებით შარდვა, ღამით შარდვა, გაძლიერებული წყურვილი, პირის სიმშრალე. თუმცა, ზოგჯერ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ. დაავადების გამოვლენა ხშირად ხდება გართულებების განვითარების შემდეგ.
- რას ნიშნავს გესტაციური დიაბეტი? რამდენად საშიშია ორსულებში?
- გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, პირველად ორსულობის მე-2 ან მე-3 ტრიმესტრში, უვითარდება ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, მომატებულია გლუკოზის დონე სისხლში, რაც უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
შემდეგ გლუკოზის ცვლა ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება, თუმცა, გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში მაღალია მომავალში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.გესტაციური დიაბეტის მქონე დედებს – სათანადო მართვის პირობებში უმეტესად ჯანმრთელი შვილები უჩნდებათ.
უყურადღებოდ დატოვებულმა დაავადებამ შესაძლოა საშიში დარღვევები გამოწვიოს:
არტერიული წნევის მატება და პრეეკლამფსია ორსულობის პერიოდში, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის დიდი წონა (მაკროსომია), რის ფონზეც მაღალია სამშობიარო გართულებები და ტრავმები, ადრეული ჩვილობის პერიოდში ჰიპოგლიკემიები, სიყვითლე.ასეთ ახალშობილს მაღალი აქვს სამომავლოდ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, ასევე რამდენადმე ხშირია მკვდრადშობადობა.
– რა არის ის მთავარი რეკომენდაციები რაც შეიძლება ურჩიოთ პაციენტებს?
– ძალიან მარტივად და მოკლედ: ცხოვრების წესის მოდიფიკაცია
დიაბეტის მართვის მთავარი იარაღია ცხოვრების წესის ოპტიმიზაცია, ხოლო მედიკამენტურ მკურნალობას მხოლოდ დამხმარე როლი უჭირავს. ცხოვრების წესის მოდიფიკაცია მოიცავს წონის კონტროლს, ჯანსაღ კვებასა და ზომიერ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას.
რეგულარული გლიკემიის თვითკონტროლი .აუცილებელია დიაბეტის მქონე პაციენტს ჰქონდეს გლუკომეტრი, რომლის მეშვეობითაც აწარმოებს სისხლში გლუკოზის თვითკონტროლსა და აღრიცხვას. გლიკემიის თვითკონტროლი დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ეხმარება პაციენტს დიაბეტის მართვაში, აადვილებს მედიკამენტების დოზის სწორად შერჩევასა და აუმჯობესებს დიაბეტის კომპენსაციის ხარისხს. კვლევებით დადგენილია, რომ პაციენტებს, რომლებიც ხშირად ახდენენ გლიკემიის მონიტორინგს გლუკომეტრით, აღენიშნებათ შაქრის ბევრად უკეთესი მაჩვენებლები, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც შაქრის თვითკონტროლს არ ახორცილებედნენ.
– რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად ხშირია დიაბეტის შემთხვევები?
– შაქრიანი დიაბეტი ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ( მსოფლიოში 1-8.6%), და მის შემთხვევებს მზარდი ტენდენცია აქვს, რასაც განაპირობებს თანამედროვე ცხოვრების გავრცელებული წესი: არაჯანსაღი კვება და ადინამიურობა. საქართველო არ ჩამოვრჩებით მსოფლიო სტატისტიკას.
"ჯანმრთელობის სახლი"-ს
ექიმი ენდოკრინოლოგი - ნინო ბიბილაშვილი
ტელ: 032 2 77 19 06
მის: წინანდლის 9/20