Capture the Flag — თიბისის მასშტაბური ღონისძიება ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე
14:17:48     13-11-2023
თიბისიმ შიდა ტექ-გუნდისთვის კომპანიაში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა და გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი Capture the Flag გამართა. ღონისძიება კიბერუსაფრთხოებასთან ეფექტურად ბრძოლისა და თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. თიბისის ჯგუფთან ერთად მონაწილეობდნენ ფეიმის, თინეთისა და სფეისის გუნდის წარმომადგენლები. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც ონლაინ ისე ადგილზე ჩართულიყვნენ.
“დღესდღეობით, როდესაც ფაქტობრივად უკვე ნელ-ნელა უამრავი სერვისის გაციფრულება ხდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემები იყოს დაცული. ამიტომ აუცილებელია, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, იქნება ეს დეველოპერი, ადმინისტრატორი თუ სხვა, გააზრებული ჰქონდეთ პროგრამისა და სისტემის უსაფრთხოება, რადგან ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება კომპანია ძალიან დიდი რეპუტაციული თუ ფინანსური რისკის წინაშე დააყენოს.”- გუჯა მარკოზაშვილი, თიბისის შეღწევადობის ტესტირების სპეციალისტი
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება კიბერუსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას და ამაზე აქტიურად მუშაობს. კომპანია არაერთი სახის სისტემას აერთიანებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ღონისძიებები თანამშრომლებს დაეხმარება იყვნენ მეტად პროდუქტიულები და აქტიურად ჩაერთონ ყოველდღღიურ საქმიანობაში.