"რუსს რომ დავენახე იქ გამაჩერებდა?! არავინ დამინახავს" – გამოჩნდა პირი, რომელიც გინტურთან ერთად ეკლესიასთან იმყოფებოდა

  13:36:37     09-11-2023

დღეს პირველად გამოჩნდა კამერების წინ ის მესამე პირი - თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც ტრაგედიის დღეს თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად კირბალში, ეკლესიასთან იმყოფებოდა. 

ის სამართალდამცავებმა რამდენჯერმე გამოკითხეს.

"მოდი მოლა, რისი გეშინიაო, და მე ვუთხარი, თედო, არ გრცხვენია, სალოცავი არ დაამტვრიოთთქო. ერთი ეს ვუთხარი, მოვტრიალდი და წამოვედი. აღარაფერი არ დამინახავს იმის მერე, არც მიმიხედია უკან, რას მივიხედავდი, წამოვედი სოფელში ჩამოვედი. რუსს რომ დავენახე იქ გამაჩერებდა?! ან არ მომკლავდა ან არ წამიყვანდა?! არავინ დამინახავს. 

გასროლის ხმა რომ ჩამოვედი, სოფელში გავიგონე, მერე სოფელი ავიდა, ვინ ავიდა ვინ არა, არ ვიცი, სამნი ვიყავით, ორი იქ დარჩა, მე წამოვედი", - ყვება პაპიტაშვილი.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.