ვის ეზრდება ხელფასი და პენსია 2024 წლის პირველი იანვრიდან – მთავრობა ბიუჯეტის დასამტკიცებელ ვარიანტს პარლამენტს დღეს გადაუგზავნის

  15:49:35     03-11-2023

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველოს ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება. მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს დღეს გაუგზავნის.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, ყოფილ პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პენსიები 1000 ლარამდე გაეზრდებათ. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა.

1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე იზრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების კომპენსაცია. პრემიერის თქმით, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა და პოლიტ. რეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდიაც.

მისივე თქმით, 2024 წელს ხელფასი გაეზრდებათ მასწავლებლებს - სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

​ღარიბაშვილის თქმით, "10%-იანი ზრდა არის ჩადებული ბიუჯეტში" და ხელფასები გაეზრდებათ საჯარო მოხელეებსაც.

"შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში, 70 წლის ზემოთ იქნება 500 ლარამდე უკვე პენსია და თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელს ქვემოთ პენსია. მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500 ლარით და მეტით.

​კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები სპეცსამსახურები, ანუ ძალოვნების თანამშრომლები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ ჩაკეტილი იყო დღემდე, 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიის და გაიზრდება 1000 ლარამდე," - თქვა ღარიბაშვილმა. 

ამასთან, ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მომდევნო წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ღარიბაშვილის თქმით, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც.