საქართველოს ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  13:22:25     26-10-2023

საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურ რეჟმში განაგრძობს. ამჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა,  ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.

 

მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებისათვის მოქმედ პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პარტნიორობის ფარგლებში KIU და საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირების პროგრამები, შესაბამისად, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. პარტნიორობა  ასევე ითვალისწინებს სტუდენტებისთვის კონკურსებისა და შეჯიბრებების, სტიპენდიების პროგრამების განხორციელებას, მათთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას. 

 

„მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის, ქუთაისის საერთაშორისო  უნივერსიტეტთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთობლივად განვახორციელოთ სტუდენტებისთვის საჭირო და საინტერესო აქტივობები. ხელი შევუწყოთ მათ, თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ უნივერსიტეტთან ასევე ვითანამშრომლებთ სასტიპენდიო პროექტის ფარგლებში და სტუდენტებს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომ ამ მიზნის შესრულებაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც დაგვეხმარება“,-აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. 

 

 „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო პარტნიორობა და სხვადასხვა პროფილის კერძო სექტორის წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორებს ისეთი ორგანიზაცია შეემატა როგორიცაა საქართველოს ბანკი.  თანამშრომლობის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მომავალში დასაქმდნენ კიდეც აღნიშნულ ფინანსურ ინტიტუტში. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა საინტერესო იქნება ასევე პარტნიორი ორგანიზაციისათვის ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვის კუთხით. მათ ჩვენ ვთავაზობთ კვალიფიცირებულ მოტივირებულ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ დასაქმდნენ ქვეყნის შიგნით. ვფიქრობ სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი გაძლიერდეს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ეკოსისტემა“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

 

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 200-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).