"დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება" – სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას"

  16:07:36     18-10-2023

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, მისივე იმპიჩმენტის პროცედურაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს არა პრეზიდენტის, არამედ მთავრობის ბედი წყდება: 

"მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას,  მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. 

არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ, პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში წყდება ამ ვითომც და ,,ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე“ .
აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია!

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით)  გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ რა ტერმინებით შეგამკობენ თვქენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.

რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ, და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ!  ამას გპირდებით!

როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო. ხელი აგინკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა. 

80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი, უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფელბის, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!", – განაცხადა ზურაბიშვილმა.