"მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს" - ქობულეთის სკოლიდან პედაგოგი გაათავისუფლეს

  14:19:46     16-10-2023

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. როგორც სკოლის დირექტორი, ნანი ცივაძე "ბათუმელებთან" ამბობს, მიზეზი ისაა, რომ პედაგოგმა ბავშვს თმა მოქაჩა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

"ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან," - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.