„თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

  19:31:45     13-10-2023

  • გამარჯვებული პროექტებია: „თეგეტა გარემოსთვის“ და „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“
  • „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჯილდო მიიღო ნომინაციებში: „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ და „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023-ის“ დაჯილდოების ცერემონიას რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. „თეგეტა ჰოლდინგმა“  კორპორაციული მდგრადობის ჯილდო ექვსი ნომინაციიდან 2 კატეგორიაში მოიპოვა. კომპანია ჟიურის რჩეული გახდა პროექტებისთვის - „თეგეტა გარემოსთვის“ და „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“.

კონკურსი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი:  „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარგად წარმოაჩენს ჩვენს მიდგომას სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით. „თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, სადაც ერთ-ერთი  პრიორიტეტული  მიმართულება  სწორედ  გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. მაგალითად, მიმდინარე წელს 20 მლნ ლარის მწვანე ობლიგაციები გამოვუშვით, ექსკლუზიურად გარემოსდაცვითი ინიციატივებისთვის. უკვე ვმუშაობთ  მწვანე ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების კუთხით. ეს გამარჯვება კი დასტურია, რომ კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს და ეს გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდება“.

პროექტი „თეგეტა გარემოსთვის“ აერთიანებს ჰოლდინგის კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით და მოიცავს 2022-2023 წლებში გადადგმულ ყველა იმ მწვანე ინიციატივას, რომელიც კომპანიამ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა. პროექტი 3 მიმართულებას აერთიანებდა: მდგრადი ტრანსპორტირება ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანი მართვა და  ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

რაც შეეხება პროექტს „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“, ის აერთიანებს ჰოლდინგის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების გაძლიერებისთვის განხორციელებულ პრო ბონო პროექტებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ 2022 წლიდან „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, თანამშრომლების ჩართულობით, არაერთ აქტივობას ახორციელებს. გარდა ამისა, სოციალური საწარმოების მხარდაჭერას ჰოლდინგი უზრუნველყოფს პლატფორმაზე Tegeta care

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023“ განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.