„თეგეტა ჰოლდინგი" საერთაშორისო კონფერენციის - Uniting Business Europe-ის ერთ-ერთი გენერალური სპონსორი იყო
16:05:17     10-10-2023
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - Uniting Business Europe გაიმართა. ღონისძიება საქართველოში პირველად გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობითა და „თეგეტას“ მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენცია მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებსა და 2030 წლისთვის მათი მიღწევის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესზე, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციებზე, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მდგრად დაფინანსებაზე, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკაზე, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
Uniting Business Europe-ის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „ხვალინდელი დღის გარდაქმნა: ფოკუსი ESG-სა და ევროკავშირის რეგულაციებზე”. პანელის მონაწილეებმა, გაეროს გლობალური ქსელის საერთაშორისო წევრებმა, ევროკავშირისა და ბიზნესების წარმომადგენლებმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ევროკავშირის რეგულაციებსა და მათი შემუშავება-აღსრულების პროცესში კერძო სექტორის როლზე ისაუბრეს. პანელში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ვახტანგ კაჭარავამ ჰოლდინგის CSR მიმართულებებსა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ისეთი მასშტაბისა და გლობალური მნიშვნელობის მქონე ღონისძიების მხარდამჭერები, როგორიც Uniting Business Europe-ია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონი ბიზნესს არ ავალდებულებს თავის საქმიანობაში CSR მიმართულების ინტეგრირებას, „თეგეტა“ ამ კუთხით გამორჩეულია და ამ ყველაფერს, ვალდებულების მიღმა, უკვე წლებია აკეთებს. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის იდენტობის ნაწილია. დღეს კი მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა საუკეთესო პრაქტიკები და, სხვა აქტორებთან ერთად, შეგვეფასებინა ჩვენი როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“.
Uniting Business Europe-ის კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან და დაინტერესებული მხარეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და გლობალური ბიზნესის ლიდერები; ხელისუფლების წარმომადგენლები; კორპორაციული მდგრადობის ექსპერტები; სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენცია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით გაიმართა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, აგრეთვე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს. ესენია: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.