მსოფლიოში ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის ვარდნა ვიდეოზე გადაიღეს

  08:27:24     03-09-2011

ამერიკელმა სამხედროებმა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საფრენი აპარატის, FalconHTV-2-ის,11 აგვისტოს მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ, ახალი ფაქტებიგამოააშკარავეს.მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, უსწრაფესი ჰიპერბგერითი უპილოტო თვითმფრინავის ავარიული ფრენა და წყალში ვარდნა.საფრენი აპარატის ვარდნა, სამხედრო მეზღვაურმა, ერთ-ერთი გემიდან გადაიღო, რომელიც საცდელ ფრენას აკვირდებოდა.

უახლესი თვითმფრინავი,11 აგვისტოს დილით, მოწინავე თავდაცვითი კვლევითი პროექტების სააგენტომ(DARPA) კალიფორნიის ავიაბაზა ვანდენბერგიდან გაუშვა. რაკეტა-მატარებელმა წარმატებით გაიყვანა  Falcon-ი დასახულ ორბიტაზე, საიდანაც სამიზნის რაიონში პლანერება უნდა მოეხდინა, მაგრამ სტარტიდან 36 წუთში, თვითმფრინავიდან რაკეტის გამოთავისუფლების შემდეგ, აპარატთან კავშირი გაწყდა.

Falcon-ი პენტაგონის დაკვეთით შეიქმნა და ახალი თაობის სუპერიარაღს წარმოადგენს. მას არ აქვს ფრთები და დისტანციურად იმართება. თვითმფრინავს საათში 21 ათასი კილომეტრ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ჩვეულებრივი თვითმფრინავი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე მანძილს, ხუთ საათზე მეტს ანდომებს, მაშინ როდესაც, Falcon-ს, ამ მანძილის დაფარვა, 12 წუთში შეუძლია.

Falcon-ის გამოყენებას სამოქალაქო დანიშნულებით არ აპირებენ. ამ საფრენ აპარატს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში მისასვლელად და შეტევის განსახორციელებლად, საათზე ნაკლები დრო სჭირდება. ამასთანავე, მისი აღმოჩენა და განადგურება, ფაქტობრივად შეუძლებელია.

FalconHTV-2-ს ბირთვული და ჩვეულებრივი ბომბების გადასატანად არის შექმნილი. დროთა განმავლობაში, მან შესაძლოა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები ჩაანაცვლოს.

საფრენი აპარატის პირველი გამოცდა, 2010 წლის აპრილში გაიმართა, თუმცა მაშინაც წარუმატებლად. აპარატმა მხოლოდ ცხრა წუთი იფრინა, შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა, რის შემდგომაც საბორტო კომპიუტერმა, უსაფრთხოების პროგრამის მიხედვით, თვითმფრინავი ოკეანეში ჩაძირა.

სუპერთვითმფრინავის შექმნაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალები, 2003 წლიდან მუშაობს და პროექტზე სულ 300 მილიონი დოლარია დახარჯული.

გავრცელდა ხმა, რომ ორი წარუმატებელი ფრენის შემდეგ, პროექტის დახურვა იგეგმება, მაგრამ პენტაგონში იმედოვნებენ, რომ Falcon-ის დახვეწა და ხარვეზების გამოსწორება აუცილებლად მოხდება და მისი სრულად გამოყენება და ამერიკის შეიარაღებაში მიღება, 2025 წლისთვის უკვე შესაძლებელი იქნება.