მდინარაძის მტკიცებით, სანქცირებული ფარცხალაძე გამოკითხეს

  15:38:56     22-09-2023

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს. დეპუტატმა ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიაწოდა.

მდინარაძემ თქვა, რომ ფარცხალაძე გამოძიების დაწყების დღესვე დაიბარეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადდა.

მანამდე მდინარაძე ამბობდა, რომ გაუგებარი იყო რის საფუძველზე უნდა დაებარებინათ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ არსებობდა.

"მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, თქვენ თუ შეგიძლიათ გამახსენოთ მტკიცებულება რა იყო მის ბრალდებასთან დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და მეც ვიკითხავ, როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით რატომ არ იბარებენ, თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, კითხვაც კი რა უნდა დაუსვან შეიძლება ამაზეც პოზიცია არ არსებობდეს საგამოძიებო უწყებაში, ეს მხოლოდ ვარაუდია", - ამბობდა მდინარაძე მანამდე.