ალფონს დოდეს „ბელიზერის გერმანელი“

  13:40:44     02-09-2011

1840 წლის 13 მაისს, საფრანგეთში, პროვანსის ქალაქ ნიმში დაიბადა დიდი ფრანგი მწერალი და დრამატურგი ალფონს დოდე (Alphonse Daudet).

მამა აბრეშუმის ქსოვილების პატარა ფაბრიკას ფლობდა, მაგრამ 1848 წელს გაკოტრდა. ფაბრიკა გაყიდეს და ოჯახი ლიონში გადავიდა საცხოვრებლად. უმაღლესი განათლებისათვის საკმარისი თანხა არ ჰქონდა, ამიტომ სკოლის დამთავრების მერე მასწავლებლის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა კოლეჯში. თუმცა, მალე მიატოვა ყველაფერი და უფროს ძმასთან, ერნესტთან ერთად პარიზში გაემგზავრა, რათა ჟურნალისტობა დაეწყო. მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო.

1859 წლიდან თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებთან, როგორც რეპორტიორი და თეატრალური კრიტიკოსი. 1860 წელს გახდა ჰერცოგ დე მორნის, - რომელიც იმ პერიოდში მეორე იმპერიის საკანონმდებლო კორპუსის პრეზიდენტი იყო, - ერთ-ერთი მდივანი. თუმცა ჟურნალისტობას და ლიტერატურულ მოღვაწეობას განაგრძობდა.

1866 წელს გამოაქვეყნა წიგნი „წერილები წისქვილიდან“, რომელმაც უმალ მოუტანა პოპულარობა.

1867 წელს იქორწინა. იმ პერიოდიდან მხოლოდ ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა.

ალფონს დოდეს ფრანგული ენის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მისი შემოქმედება ამოზრდილია პროვანსული ფოლკლორული მოტივებიდან. ალფონს დოდე არის ავტორი ძალიან ცნობილი ტრილოგიის "ტარტარენ ტარასკონელის" და სხვა არანაკლებ ცნობილი მოთხრობების, რომანებისა და პიესებისა.

დიდი მწერლის, ალფონს დოდეს მოთხრობა „ბელიზერის გერმანელი“, რომელიც თარგმნა იროდიონ ქავჟარაძემ, შესანიშნავი ნაწარმოებია. ამ მოთხრობაში ნაჩვენებია ერთი უბრალო დურგლის პატრიოტული განცდები. მერე ის შემთხვევით ადამიანს, მტერს მოკლავს და იმის გამო, რომ სხვა ფრანგი, მეთევზე ჟაკო დასჯას, დიდ რისკზე მიდის. მწერალს მშვენივრად აქვს გადმოცემული უბრალო დურგლის თავდადებულ ადამიანად ქცევის ამბავი.

ბელიზერის გერმანელი

(თარგმნა იროდიონ ქავჟარაძემ)

ამ კვირაში მონმარტრის სამიკიტნოში ერთი ამბავი მოვისმინე. ამ ამბის კარგად მოყოლისათვის დამჭირდება ოსტატ ბელიზერის გარეუბნული ლექსიკონი, მისი დიდი სადურგლო წინსაფარი და ორი ან სამი ჭიქა მონმარტრის თეთრი ღვინის გემოზე გადაკვრა. ეს ღვინო მარსელელსაც კი პარიზულ კილოს მისცემს. დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ თქვენც ისეთივე თრთოლვა აგიტანდათ, როგორიც მე განვიცადე მაშინ, როდესაც ბელიზერი თავის ამხანაგებს სუფრაზე ამ სამწუხარო და ნამდვილ ამბავს მოუთხრობდა.

„...ეს ამბავი დროებითი ზავის მეორე დღეს მოხდა. ჩემმა ცოლმა მე და ბავშვი ვილნევ-ლა-გარენისკენ გაგვგზავნა იმ პატარა ფარდულის დასათვალიერებლად, რომელიც იქ, სენის ნაპირზე გვქონდა. ფარდული ალყის შემორტყმის შემდეგ აღარ გვინახავს. ამ ცუღლუტის წაყვანა მაბრაზებდა, ვიცოდი, რომ გერმანელებს გადავეყრებოდი და რადგან პირისპირ მათ ჯერ არ შევხვედროდი, მეშინოდა, რაიმე ხიფათს არ გადავკიდებოდი. მაგრამ ცოლი სხვაგვარად ფიქრობდა.

- აბა, გასწი! ბავშვი სუფთა ჰაერს გადაყლაპავს.

მართლაც, ბიჭუნას ჰაერი სჭირდებოდა. ხუთი თვე ალყაშემორტყმული ვიყავით. ობი მოგვეკიდა.

გავწიეთ ორმა, მინდვრები გადავიარეთ. არ ვიცი, ბიჭი კმაყოფილი იყო თუ არა, რომ ხელახლა ხედავდა ხეებს, ფრინველებსა და დახნულ მიწაზე ფეხების თხლაშუნით გულს იჯერებდა. მე კი გუნებაზე არ ვიყავი. გზებზე ბევრი წვეტიანი მუზარადი მოჩანდა. არხიდან მოყოლებული კუნძულამდე სხვა არაფერი გვხვდებოდა. უდიერნი!.. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ფეხი არ მეკრა... მაგრამ ნამდვილი სიბრაზით მაშინ ავენთე, როდესაც ვილნევში შევედი და დავინახე მთლად გავერანებული ჩვენი საბრალო ბაღები, კარდაღებული, გაძარცვული სახლები, შიგ დაბინავებული ბანდიტები, რომელნიც ფანჯრიდან ფანჯარაში ერთმანეთს გასძახოდნენ. ჩვენს ღობეებზე საცვლები გაეფინათ. საბედნიეროდ, გვერდით ბავშვი მომყვებოდა და ყოველთვის, როდესაც ხელი მეტისმეტად მომექავებოდა, პატარას შევხედავდი და ვფიქრობდი:

„კლოდი თან გახლავს, ბელიზერ! ფრთხილად ვიყოთ, ბიჭუნას ფათერაკი არ შეემთხვეს“.

მხოლოდ ეს მაკავებდა, რაიმე სისულელე არ ჩამედინა. მაშინ მივხვდი, ცოლმა ბავშვი რატომ გამომატანა.

ფარდული სოფლის ბოლოში იყო ხელმარჯვნივ, მდინარის ნაპირას. იგი როგორც სხვა ფარდულები, სულ დაეცარიელებინათ. არ დაეტოვებინათ აღარც ავეჯი, აღარც ფანჯრის მინები. დამხვდა მხოლოდ ჩალის რამდენიმე კონა და დიდი სავარძლის ერთი ფეხი, რომელსაც ბუხარში ტკაცატკუცი გაჰქონდა. პრუსიელი ყველგან იგრძნობოდა, მაგრამ არსად არა ჩანდა... ბოლოს თითქოს რაღაც ფაჩუნი მომესმა სარდაფში, სადაც კვირაობით ჩავდიოდი, წვრილმან ნივთებს ვაკეთებდი და ამით თავს ვირთობდი. ბავშვს ვუთხარი დამიცადე-მეთქი, და სარდაფის დასათვალიერებლად ჩავედი.

კარი გავაღე თუ არა, ერთი ახმახი გერმანელი ჯარისკაცი შემომეფეთა. ბურდღუნით ბურბუშელადან წამოდგა, ჩემსკენ წამოვიდა, თვალებგადმოკარკლული, თან ჩემთვის გაუგებარ გინებას სეტყვასავით მაყრიდა. იმ პირუტყვმა, ალბათ, ცუდი სიზმარი ნახა. სიტყვის თქმა ვერც კი მოვასწარი, რომ ხმალი იშიშვლა.

სისხლი ამემღვრა, დაგუბებული ბოღმა თავში ამივარდა. დაზგის ხრახნსაჭრელს ხელი დავტაცე და დავარტყი... ამხანაგებო, თქვენ იცით ბელიზერის მკლავის ძალა, მაგრამ იმ დღეს, როგორც ეტყობა, მისი მუშტი მეხად იქცა. პირველი დარტყმისთანავე გერმანელი დაწყნარდა. გაითხლაშა, ვიფიქრე: გაბრუვდა-მეთქი, დიახ! მაგრამ... მან, ჩემო ბავშვებო, თქვენი ჭირი წაიღო. ახლა კი თავისთვის უნდა მეშველა.

 ჩემს სიცოცხლეში არაფერი მომიკლავს, ტოროლაც კი, მაგრამ ამოდენა მუდრეგი ჩემ წინ გაშხლართული რომ დავინახე, მაინც სასაცილოდ მეჩვენა... ლამაზი, ქერა ვაჟკაცი იყო, ღმერთმანი, პატარა რბილი წვერი ბურბუშელასავით ხუჭუჭის ჰქონდა. გერმანელს დავცქეროდი და მუხლები მიკანკალებდა.

ამასობაში ბავშვს მაღლა მოსწყენოდა და მთელი ძალით გაჰკიოდა:

- მამი, მამილო!

გერმანელები გზაზე მიდი-მოდიოდნენ. სარდაფის სარკმლიდან მათი ხმლები და დიდი ფეხები მოჩანდა, უეცრად საშინელმა აზრმა გამიელვა:

„რომ შემოვიდნენ, ბავშვი დაიღუპება... დაგვხოცენ“.

გათავდა, აღარ ვკანკალებდი. თვალის დახამხამებაზე გერმანელი დაზგის ქვეშ შევკუჭე. მივაყარე ყველაფერი, რაც კი იქ მოიპოვებოდა: ფიცრები, ბურბუშელა, ნახერხი. მერე ბავშვთან ავედი.

- წავედით!

- რა დაგემართა, მამილო, გაფითრებული რადა ხარ?

- გასწი, გასწი!

სულ მეჩვენებოდა, რომ ვიღაც მომდევდა, მეძახდა. ერთხელ მომეყურა, თითქოს ჭენებ-ჭენებით ცხენი წამოგვეწია. მეგონა, ელდისაგან წავიქცეოდი. მაგრამ ხიდს რომ გავცდით, ნელ-ნელა დავმშვიდდი. სენდენი ხალხით იყო გაჭედილი. იქ საშიში აღარაფერი იყო. ამ ბრბოში ვეღარ მოგვაგნებდნენ. ახლა მხოლოდ ჩემი საბრალო ფარდული მენანებოდა. გერმენელები ამხანაგის გვამს რომ ნახავდნენ, შურის საძიებლად ცეცხლს წაუკიდებდნენ. ამასთან გამახსენდა ჩემი მეზობელი ჟაკო, თევზის ჭერის ზედამხედველი, ამ კუთხეში ის ერთადერთი ფრანგი იყო. მის მახლობლად მოკლულ ჯარისკაცს რომ აღმოაჩენდნენ, შეიძლება ჟაკო დაღუპულიყო. ასეთი თავის გადარჩენა მართლაც დიდი ვაჟკაცობა არ იყო.

ჟაკო უნდა გამეფრთხილებინა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით პარიზს, მით უფრო მტანჯავდა ეს აზრი. გერმანელის ჩემს სარდაფში დატოვებაც მაწუხებდა. მიწაყრილთან თავი ვეღარ შევიკავე.

- შენ წადი, შვილო, - ვუთხარი პატარას. სენდენში მე ერთი დამკვეთი მყავს.

ბავშვს ვაკოცე და გავშორდი. გული ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა, მაგრამ თავს მაინც არხეინად ვგრძნობდი, ბავშვი თან რომ აღარ მყავდა.

ვილნევში რომ შევედი, ღამდებოდა. თვალს ვაჭყეტდი, ფეხს ფრთხილად ვადგამდი, თუმცა მიდამო საკმაოდ მიწყნარებული იყო, ფარდული თავის ადგილას დამხვდა, ნისლში გახვეული. სანაპირო ქუჩასთან თითქოს გრძელი შავი ღობე მოჩანდა. ეს პრუსიელები იდგნენ მწკრივში, სიას კითხულობდნენ. კარგი შემთხვევა იყო. ფარდულში არავინ იქნებოდა, ღობეს მივყვებოდი. ჟაკო ეზოში დავინახე, სათევზაო ბადეებს ჰფენდა... როგორც ჩანდა, ჯერ არაფერი იცოდნენ.

ფარდულში ვარ. სარდაფში ჩავდივარ. ხელს ვაფათურებ. გერმანელი იქვეა, ბურბუშელის ქვეშ. ორი მსუქანი ვირთაგვა მის ჩაჩქანს მისდგომია. თავზარი დამეცა: მომეჩვენა, თითქოს ჩაჩქანი მოძრაობდა. ერთ წამს მეგონა, მკვდარი ცოცხლდებოდა... მაგრამ არა, თავი დამძიმებული და ცივი იყო. ერთ კუთხეში მივიმალე და დავიცადე. გადავწყვიტე: როცა გერმანელები დაიძინებენ, გვამს სენაში გადავაგდებ-მეთქი.

არ ვიცი, მკვდის სიახლოვემ გამოიწვია თუ არა, მაგრამ ამ საღამოს გერმანელთა ბუკის ხმა ძალიან ნაღვლიანი მომეჩვენა. ბუკი ძლიერად ჟღერდა სამ-სამჯერ: ტა! ტა! ტა! სწორედ გომბეშოს მუსიკა იყო. არა, ამ ჰანგზე ისინი არ დაიძინებდნენ...

ხუთი წუთის განმავლობაში მესმოდა, როგორ მიათრევდნენ ხმლებს გერმანელები, როგორ აჯახუნებდნენ კარებს. მერე ეზოში შემოვიდნენ და ძახილი დაიწყეს:

- ჰოფმან! ჰოფმან!

საბრალო ჰოფმანი კი ბურბუშელას ქვეშ ბრძანდებოდა, ძალიან მშვიდად... ყოველ წამს ველოდი, რომ სარდაფში შემოვიდოდნენ... მკვდრის ხმალი ავიღე და იქვე დავრჩი უძრავად. თავს ვუთხარი:

- თუ ამას თავი დააღწიე, ჩემო კარგო, ბელვილის წმინდა იოანე ნათლისმცემელს შენი სიგრძე სანთელი უნდა დაუნთო...

როდესაც ჰოფმანს კარგა ხანს უძახეს, ჩემმა მობინადრეებმა გადაყვიტეს შემოსულიყვნენ. მესმოდა ჩექმის კიბეზე ბრახუნი. ცოტა ხნის შემდეგ მთელი ფარდული სოფლის კოშკის საათივით ხრიალებდა. ამას ვუცდიდი მხოლოდ, რომ გარეთ გავსულიყავი.

მდინარის ციცაბო ნაპირი უდაბური იყო. ყველა სახლში სინათლე ჩაექროთ. სწრაფად ჩავდივარ ისევ ქვემოთ. ჩემს ჰოფმანს დაზგის ქვეშიდან გამოვათრევ, ფეხზე დავაყენებ და ზურგზე მოვიდებ... რა მძიმე იყო ის ავაზაკი... შიშმა ამიტანა. დილას აქეთ პირში ლუკმა არ ჩამიდვია. ვშიშობდი, მდინარემდე ვერ მივატანდი. ნახევარი გზა რომ გავიარე, ვიგრძენი, უკან ვიღაც მომყვებოდა. მივბრუნდი - არავინ იყო. მთვარე ამოდიოდა.

- ფრთხილად, გუშაგები სროლას აგიტეხენ... - ვაფრთხილებდი საკუთარ თავს.

ჩემდა საუბედუროდ, სენის ნაპირი წყალნაკლი აღმოჩნდა. გვამი რომ გადამეგდო, ექვე, ნაპირზე, დარჩებოდა... წინ მივიწევ. წყალი ნაკლებად მხვდება... მეტი აღარ შემეძლო, სახსრები მტკიოდა... ბოლოს, როდესაც დავრწმუნდი, რომ საკმაოდ ღრმა წყალში შევედი, ჩემს მოკეთეს ხელი გავუშვი... გაისეირნე, მეგობარო! მაგრამ, დახეთ, ლამში ჩაეფლო. ღონე აღარ მყოფნიდა მის დასაძრავად... ხელი ვკარი... უჰ, გასწი, მოშორდი აქაურობას! საბედნიეროდ აღმოსავლეთის ქარი ამოვარდა. სენა მაღლა იწევს და ვგრძნობ, გვამი წყნარად იძვრის ადგილიდან. გზა მშვიდობისა! მთელი სურა წყალი გადავყლაპე და ციცაბო ნაპირზე სწრაფად ავვარდი.

როდესაც ვილნევის ხიდზე გავდიოდი, შუა სენაში რაღაც შავი გამოჩნდა. შორიდან პატარა ბორანს ჰგავდა. ეს ჩემი გერმანელი იყო, რომელიც არჟანტეილის მხრიდან წყლის დენას მიჰყვებოდა“.