კონკურენციის სააგენტომ ვისოლი, ლუკოილი, სოკარი, გალფი და რომპეტროლი დააჯარიმა
16:15:10     18-08-2023
კონკურენციის სააგენტომ კომპანიები ვისოლი, ლუკოილი, სოკარი, გალფი და რომპეტროლი დააჯარიმა. სააგენტო 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების საკითხს იკვლევდა.
მათი ცნობით, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიებმა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლი დაარღვიეს, რაც გულისხმობს ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი ხელშეკრულების დადებას, ისეთი გადაწყვეტილების მიღებას ან ისეთ შეთანხმებულ ქმედებას, რომლის მიზანი ან შედეგია ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს ჯამში 4 მილიონ ლარამდე სანქცია დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეკომენდაციები გაიცა.
სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ.