ბრაზილია ახალ სარაკეტო სისტემას შექმნის

  17:23:03     01-09-2011

ბრაზილიის თავდაცვის სამინისტრომ, ახალი სარაკეტო სისტემის, Astros–ის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე 964.3 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება. ახალი სისტემა წარმოადგენს გამშვებ დანადგარს, რომელიც აღჭურვილი იქნება ფრთოსანი რაკეტებით AV-TM, რომელთაც 300 კილომტრის დაშორებით მყოფ სამიზნეზე შეუძლია იერიშის მიტანა.

Astros 2020 უკვე არსებული Astros II–ის ბაზაზე შეიქმნება და ბალისტიკური რაკეტებით აღიჭურვება. ახალი სისტემა მართვის ციფრულ სისტემაზე იქნება აწყობილი, რომელსაც არამხოლოდ რაკეტების გაშვებისთვის, არამედ მათი ტრაექტორიის შესაცვლელადაც გამოიყენებენ. პროექტის სხვა დეტალები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა რაკეტების რაოდენობა გამშვებ დანადგარში, ჯერ–ჯერობით უცნობია.

პროგრამის განხორციელება 2016 წლის ბოლომდე იგეგმება. გავა თუ არა ახალი სისტემა ექსპორტზე, ამაზე ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროში არ საუბრობენ. მისი წინამორბედი Astros II–ი, ბრაზილიის გარდა, კიდევ ექვსი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, მათ შორის ანგოლაში, ერაყში, კატარსა და საუდის არაბეთში.