"სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე " - ირაკლი ღარიბაშვილი
16:57:22     05-06-2023
სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. სიღარიბის დონემ 15.6%-ს მიაღწია, რაც რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„2012 წელთან შედარებით, თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს. 2012 წელს, იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1 100 000 ადამიანი, როდესაც ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ. ეს მაჩვენებელი განახევრებულია,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე ინფლაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაისში ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა, რაც „პირდაპირ არის დადასტურება იმისა, რომ მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა“.
„მოგეხსენებათ, ინფლაცია ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. არა მარტო ჩვენი მთავრობის, არამედ მთავრობების და ზოგადად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკის. ინფლაციის დონემ მაისში, 1.5% შეადგინა, რაც ძალიან კარგია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. აქვე შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თუ შეხედავთ ჩვენ რეგიონს, ან ევროპის ქვეყნებს, იქ ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია აქვთ, მაგალითად, ლიეტუვაში 15%-მდე არის ინფლაციის დონეზე, პოლონეთში 14.7%, ჩეხეთში 12.7%, ბულგარეთში 12%, რუმინეთში 11%. ჩვენს სამეზობლოშიც საკმაოდ მაღალია ინფლაცია. ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ყაზახეთში მაგალითად, 16.8% და ა.შ. ჩვენთან, როგორც მოგახსენეთ, მაისში ინფლაციის დონე არის 1.5%, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ეს პირდაპირ არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები რომლებიც შეეხებოდა თუნდაც, მედიკამენტების, საწვავის, სურსათზე ფასების შემცირებას, ეს ყველაფერი აისახა საერთო კალათაში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, კოორდინაცია, კონტროლიც და მონიტორინგიც.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახლა განიხილავენ სურსათის ფასებზე ფიქსირებული განაკვეთების დაწესებას. ჩვენ დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, დავამუშავებთ მათ მაგალითებსაც და შევხედავთ ჩვენთან მიმდინარე ტენდენციას,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.