"ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები" – კახა კალაძე
17:25:22     29-05-2023
„ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს დამნაშავეები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი ჩვენ 2012 წელს დავასრულეთ“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტში პოლიტიკური ორგანიზაცია „ალდეს“ მიერ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე.
„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს, რაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის მომავალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს საკუთარ ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, უარი ვთქვათ იმ ტრადიციებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელიც გაგვაჩნია და რითაც დღემდე მოვედით. შესაბამისად, ამ ყველაფრით და ამ ყველაფერთან ერთად წარმოგვიდგენია ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის განვითარება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ეს ასეა და ასე იქნება მომავალში. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ზოგადად, დავამათავრეთ 2012 წელს. ვიცით ყველამ, რა ხდებოდა ამ მიმართულებით, რა დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ. დღეს, საბედნიეროდ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.