ფრიდონ ინჯიამ 186,075 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა - კიდევ რა ქონებას ფლობს დეპუტატი

  16:15:37     05-05-2023

დეპუტატმა, "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, ფრიდონ ინჯიამ 186,075 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას მის დეკლარაციაში ვკითხულობთ.დეკლარაცია 2023 წლის 30 მარტით თარიღდება. 

ფრიდონ ინჯია ფლობს - ათეულობით მიწის ნაკვეთს თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში, რამდენიმე არასაცხოვრებელ ფართს, ასევე რამდენიმე საცხოვრებელ სახლსა და 3 ძვირადღირებულ მანქანას. 

ფრიდონ ინჯიას მანქანებს შორის არის S 560 4MATIC MAYBACH რომელიც დოკუმენტის თანახმად, 136,000 ევროდაა შეძენილი.  212,000 ლარი დაჯდა Mercedes-Benz V250 და 274,000 ლარი Mercedes-Benz S 500.

ფრიდონ ინჯია ასევე ფლობს ძვირადღირებულ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც დეკლარაციის მიხედვით 2016 წელს აჩუქეს და 11,500 ლარი ღირს.

"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატს დეკლარაციაში მითითებული ჰყავს მისი მეუღლე, ლალი რუხია, რომელიც ასევე დიდი ქონების მფლობელია. დეპუტატის ცოლის საკუთრებაშია ბინა ბათუმში, საცხოვრებელი სახლი თბილისში, არასაცხოვრებელი ფართები თბილისში, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი მარტვილში, ბინა მოსკოვში და ა.შ. 

ამასთან ერთად, ფრიდონ ინჯია და მისი მეუღლე რუსულ ბანკებში რამდენიმე ასეული ათასი რუბლის ოდენობის თანხას ფლობენ. ინჯიას სახელზე რუსეთის ფედერაციის "ალფა ბანკში" ასევე ირიცხება 47,038 ამერიკული დოლარი.  

ინჯიას 100%-იანი წილი აქვს რუსეთში მოქმედ კომპანიაში, შპს დომინანტში, რომლის მმართველობაც 2018 წლის 18 იანვრიდან გადაცემული აქვს ლალი რუხიასთვის.