"ეს ორი ნიშანი "ბეწვის ხიდზე" გაივლის" – ასტროლოგი 5 მაისის მთვარის დაბნელებაზე

  16:53:11     02-05-2023

5 მაისს მთვარის დაბნელებაა და ასტროლოგები სხვადასხვა რჩევებს, რეკომენდაციებსა თუ გაფრთხილებებს აქტიურად გასცემენ.ასტროლოგიურ ტენდენციებზე რამაზ გიგაური წერს:

„5 მაისს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება იქნება, რომელიც თბილისის დროით 21:34 საათზე დაფიქსირდება. მთვარის ეს დაბნელება მორიელის მე-15 გრადუსზე იქნება და მთვარე ამ დროს არა მხოლოდ მზეს და არამედ, ურანსაც დაუპირისპირდება (ასევე სუსტი ოპოზიცია ექნება მერკურთანაც).

ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს დაბნელება შეაჯამებს ბოლოს 1,5-2 წლიან პერიოდს და დაუკავშირდება ბევრი „კავშირის“ დაშლა-აწყობას (განსაკუთრებით ემოციური კუთხით). ამ პერიოდში ბევრი ადამიანი გადააფასებს სხვა ადამიანებთან, მოვლენებთან, სიტუაციებთან თუ ნივთებთან ემოციურ კავშირს. იოლად შეძლებენ წარსულისთვის ხელის გაშვებას. ამასთანავე, განვითარებული მოვლენები მათ უბიძგებთ, რომ მომავლის დაგეგმარებისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

ეს პერიოდი მიანიშნებს პარტნიორებთან გარკვეული დაპირისპირებებზე. გაზრდილი იქნება ნერვული ფონი, გაძლიერდება შფოთვის მომენტიც. ამიტომ იმ ადამიანებს, ვისაც პრობლემები აქვთ ემოციის მართვასთან, ახასიათებთ შფოთვის და განგაშის განცდა, მაქსიმალური თავშეკავება და სიმშვიდის გამოჩენა მართებთ. სასურველია მშვიდ გარემოში ყოფნა. არ არის სასურველი პრობლემური ურთიერთობების გარკვევა და სტრესულ გარემოში მოხვედრა. საჭირო დროს რეკომენდებულია საკუთარი პოზიციების გადახედვა და კომპრომისებზე წასვლაც. უფრო მეტიც, აუცილებლობის შემთხვევაში არც საკუთარი გეგმების კორექცია იქნება არაგონივრული. სიტუაციების თუ ადამიანების ჯიუტად კონტროლის სურვილმა მოსალოდნელია აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგები მოიტანოს.

გარკვეულ მოვლენებს შესაძლოა მოულოდნელი განვითარების, ასე ვთქვათ, „სიურპრიზის“ ფორმაც ჰქონდეს. ამიტომ სასურველია, იმ ადამიანებს, ვისაც რთული გადაწყვეტილების მიღება უწევთ, გეგმა B-ც ჰქონდეთ. ეს გარკვეულწილად დააზღვევთ სიტუაციის მოულოდნელი გაუარესებისგან. არ არის რეკომენდებული აჩქარება, იმპულსურობა და რადიკალიზმი. პირიქით, ემოციური, მენტალურ და ვერბალური მოქნილება ბევრ ადამიანს რთული მდგომარეობიდან იოლად გამოიყვანს.

ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით, მთვარის ეს დაბნელება ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი კუროს და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ნიშანი „ბეწვის ხიდზე“ გაივლის. ამიტომ ყველაზე მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.

ცალსახად რთული იქნება ლომებისთვის და მერწყულებისთვის (დანარჩენი ნიშნებისთვის კი შედარებით ნეიტრალური).“ - წერს ასტროლოგი.