ლიტვა НАТО–ს „დაეჯახა“
17:16:45     31-08-2011
ლიტვის სასწავლო–საბრძოლო L-39 „Albatros”-ი, ფრანგულ გამანადგურებელ „Mirage“–ს შეეჯახა, რომელიც ნატო–ს საკუთრება გახლავთ. ამის შესახებ, ინფორმაციას, Associated Press–ი ლიტვის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
ავარია, ლიტვის ჩრდილოეთით მდებარე ავიაბაზაზე შექმნილი გაუგებრობის გამო მოხდა, სადაც ნატო–ს კონტიგენტის ნაწილია ბაზირებული. ფრანგული გამანადგურებელი ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეში გეგმიურ პატრულირებას ასრულებდა.
შეჯახების შედეგად, „Mirage“–ი, ძალიან დაზარალდა, თუმცა პილოტმა მისი მიწაზე დასმა მოახერხა. ლიტვის თვითმფრინავის ეკიპაჟს კი კატაპულტირება მოუხდა, თვითმფრინავი ბაზის შორიახლოს, ტყეში აფეთქდა.
ავიაბაზის მორიგე–ოპერატორი, კაპიტანი რომას რიაუტასი იტყობინება, რომ ორივე პილოტი ნაპოვნია და თავს კარგად გრძნობენ.
ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეს, 2004 წლიდან, მათი მოკავშირე, ნატო იცავს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ჯერჯერობით არ ფლობენ იმ რაოდენობის და დონის სამხედრო ტექნიკას, რომ მსგავსი საკთარი საჰაერო სივრცის დაცვა დამოუკიდებლად შეძლონ.
2010 წლის დეკემბერში, WikiLeaks–ის მიერ გამოქვეყნებული ერთ–ერთი დოკუმენტის თანახმად, გამჟღავნდა ნატო–ს საიდუმლო გეგმა, რომელიც ბალტიისპირეთის რუსეთის აგრესიისგან დაცვას გულიხმობდა.
Flightglobal MiliCAS–ის მონაცემებით, 2010 წლისათვის ლიტვის სამხედრო საჰაერო ძალებში ორი L-39 „Albatros”-ი შედიოდა. სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი L-39 „Albatros”-ი ბგერამდელი თვითმფრინავია, რომლის ძირითადი დანიშნულებაც დაწყებითი და საბაზისო ფრენების წარმოებაა.
L–39 თვითმფრინავების ჩეხური საწარმო Aero Vodochody-ის მიერ არის შექმნილი. იგი L–29 Delfín–ის ჩასანაცვლებლად შექმნეს 1968 წელს. მისი წარმოება 1999 წლამდე გრძელდებოდა. სულ 2868 ერთეული L–39–ია აგებული.
დღეისათვის, ის, 30-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებაშია. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, სომხეთი, ანგოლა, ალჟირი, უნგრეთი, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, საქართველო, სლოვაკეთი და ა.შ.